გაეროს სურსათის სააგენტო: ავღანეთისთვის სასწრაფოდ საჭიროა 800 მილიონი დოლარი

ავღანელი ქალები ჰუმანიტარული დახმარების მიღებისას. ყანდაარი. 2023 წლის 28 მარტი

გაეროს სურსათის სააგენტომ 10 აპრილს განაცხადა, რომ მომავალი ექვსი თვისთვის ავღანეთის დასახმარებლად სასწრაფოდ ესაჭიროება 800 მილიონი დოლარი, რადგან ავღანეთი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში შიმშილის ყველაზე მწვავე საფრთხის წინაშეა.

ჰუმანიტარული სააგენტოები ავღანელებს აწვდიან საკვებს, განათლების და ჯანდაცვის სერვისებს მას მერე, რაც ქვეყნის სათავეში თალიბანის მოსვლას ეკონომიკის კოლაფსი მოჰყვა. მაგრამ დახმარების განაწილება მძიმედ შეიზღუდა თალიბანის მიერ დეკემბერში გავრცელებული ბრძანებით, რომელიც ქალებს უკრძალავს მუშაობას ეროვნულ და საერთაშორისო არასამთავრობო ჯგუფებში.