თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მაგველაშვილმა. მისი თქმით, 1989 წლის 9 აპრილსა და დღევანდელ 9 აპრილს აერთიანებთ ის, რომ მაშინაც და ახლაც საქართველოს მთავრობა არის მოსკოვიდან მართული.
"მინდა, პატივი მივაგო იმ ადამიანების ხსოვნას, 1989 წლის 9 აპრილს აქ რომ იდგნენ უიარაღოდ, გაერთიანებული სამშობლოს სიყვარულით, ვისაც რუსეთის ჯარმა აქ უმოწყალოდ გადაუარა.. სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს ის, რომ მაშინაც მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი და დღესაც საქართველოს მთავრობაში არის მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს არის ერთიანობა დღევანდელი დღისა და 89 წლის 9 აპრილის. ეს არის სამწუხარო, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორც მაშინ გვქონდა ვალდებულება, რომ სამშობლო რუსებისგან გვეხსნა, დღესაც ზუსტად იგივე ვალდებულება დგას ჩვენ წინაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი სიტყვებით, საქართველომ მე-4 საუკუნეში როცა აირჩია ქრისტიანობა, მაშინ განსაზღვრა, რომ არის დასავლური ერი და ამის შემობრუნება არ უნდა დაუშვან. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამშობლო არა რუსეთის გუბერნიაა, არამედ არის თავისუფალი, თავისუფლებისმოყვარე ადამიანთა ერთობა, რომლის ადგილიც არა რუსეთის მონობაში, რამედ ევროპის თავისუფალ ერებთანაა“. "მიგვაჩნია ეს ხელისუფლება პრორუსულ მთავრობად, ისევე როგორც 89 წელს იჯდა აქ კომუნისტური მთავრობა. ზუსტად ერთი და იგივეა, ერთნაირად მართული მოსკოვიდან“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება „საშიშია ამ გზაზე“. მისი სიტყვებით, უნდა შესრულდეს საბოლოო მიზანი და არ უნდა წამოეგონ პროვოკაციებზე, რომლებიც იქნება იმგვარივე, როგორც აკეთებდა "კაგებე" და იყენებს "ეფესბე" - "ეს არის ერთმანეთზე გადაკიდება და დაქსაქსვა", მაგრამ, მისი სიტყვებით, ისევე როგორც 1989 წელს, ახლაც "საქართველოს ამოცანაა, ხელისუფლებიდან გაუშვან რუსები".
- თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის სლოგანია "ერთად ევროპაში". აქციის მთავარი მოთხოვნებია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და 7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისა და პოლიციელის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება.
- 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
- 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
- წელს, 2023 წლის 7-8 მარტს, თბილისში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერა. ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს აგენტებად დარეგისტრირება მოუწევდათ. საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია.