პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას მმართველი პარტიის წარმომადგენელი ქალები არ ესწრებოდნენ

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. ოპერისა და ბალეტის თეატრი. 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 9 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წუხს იმის გამო, რომ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, მისვლაზე უარი განაცხადა ზოგმა ქალმა.

ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა არ მოისურვეს მოსვლა და თქვეს, რომ თურმე სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს და როცა პრეზიდენტი იწვევს არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი და თუ ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ერთიანობას ამ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ღონისძიებაზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული და რომელზეც მიწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები. ღონისძიება ეძღვნებოდა 9 აპრილის თარიღსა და საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერას.

რადიო თავისუფლება პარტია „ქართული ოცნების“ რამდენიმე ქალ დეპუტატს დაუკავშირდა, მათ შორის - ნინო წილოსანს.

ვფიქრობ იმ გამოსვლის მერე, რაც პრეზიდენტს პარლამენტში ჰქონდა; რამდენჯერაც ტყუილი ბრალი დასდო საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას რუსულ რიტორიკაში, ჩემი ადგილი მის მხარდამჭერ ღონისძიებებში არ არის“, - უპასუხა ნინო წილოსანმა რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატის, მარიამ ლაშხის თანახმად კი, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ყოფნას, 9 აპრილის მემორიალთან მისვლა არჩია.

"დიახ, ვიყავი მიწვეული, თუმცა უმრავლესობასთან ერთად 9 აპრილის მემორიალზე გმირების პატივის მიგება ჩემ კოლეგებთან ერთად უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებად ჩავთვალე. ისე საინტერესო იქნება პრეზიდენტსაც ჰკითხოთ, რა მოტივით მიიპატიჟა იმ ძალის წარმომადგენლები, რომელთა მისამართით უამრავი დაუსაბუთებელი ბრალდება ჰქონდა", - უპასუხა მარიამ ლაშხმა რადიო თავისუფლებას ტექსტური შეტყობინებით.

"არ ვარ საქართველოში, თუმცა არც ქალების და კაცების დაყოფის მომხრე ვარ, როცა საქმე ევროპულ მომავალს ეხება, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, რომელიც ჩემთვის ერთობის სიმბოლოა", - ასე კი რადიო თავისუფლებას დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა.

მმართველი პოლიტიკური ძალის სხვა წარმომადგენელი ქალების პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.

ღონისძიებას საზოგადოებრივი წრეებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.

31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს და მთავრობის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რის შედეგადაც აზიანებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას.

34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.