საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილისადმი მიღძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წუხს იმის გამო, რომ დღეს უწევს საქართველოს ევროპული პერსპექტივის უალტერნატივობის დაცვა.
„იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა. აბა, სხვა რა? - ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? ჩვენ კარგად ვიცით, რა გვინდა, რა სჭირდება ამ ქვეყანას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ნელ-ნელა აქედან წასვლით ირჩევენ ევროპას და მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, ის, რაც ჩვენი იდენტობის გაძლიერებას წარმოადგენს და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელზეც მიწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები და ეძღვნებოდა 9 აპრილის თარიღსა და საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერას.
ამავე ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ორი ქალი, ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციების სიმბოლოებად იქცნენ.
- 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
- 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
- 2023 წლის 7-8 მარტის აქციებზე თბილისში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერა. ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს აგენტებად დარეგისტრირება მოუწევდათ. საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია.