უკრაინაში დაბრუნდა 31 ბავშვი, რომლებიც ადრე რუსეთში იყვნენ გადაყვანილი

რუსეთის მიერ ყირიმში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვები მშობლებს უბრუნდებიან, 23 მარტი, 2023 წელი. (საილუსტრაციო ფოტო)

8 აპრილს უკრაინაში 31 ბავშვი დაბრუნდა, რომლებიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე გადაიყვანეს ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებიდან.

ამის შესახებ განაცხადეს ფონდმა Save Ukraine და მისმა დირექტორმა მიკოლა კულებამ. "რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ, ისინი თავიანთ ოჯახებს შეხვდებიან", - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ბავშვები უკან თავიანთი ოჯახის წევრების თანხლებით დაბრუნდნენ.

კულებას თქმით, ყოველ ასეთ მისიასთან ერთად, რომლის ორგანიზებასაც ფონდი ახორციელებს, ბავშვების წასაყვანად ჩასული ნათესავების დაკითხვები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში სულ უფრო ხანგრძლივი ხდება.

კულებას თქმით, ქვეყანაში 33 ბავშვი უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ორი ბავშვის ბებია მგზავრობის დროს გარდაიცვალა. ახლა ფონდი ეძებს იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინაში დააბრუნოს გარდაცვლილი ბებია და ბავშვები, რომლებიც მას უნდა წამოეყვანა. სხვა დამატებითი დეტალები არ არის მოცემული.

წარსულში ბავშვების უკრაინაში დაბრუნების მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, ეხებოდა იმ ბავშვებს, რომლებიც გასული წლის ზაფხულში და შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ მშობლების თანხმობით, დროებით გადაიყვანა რუსეთის ან ანექსირებული ყირიმის ტერიტორიებზე არსებულ ბანაკებში.

ბანაკში მათი ყოფნისას განხორციელდა უკრაინის კონტრშეტევა, რის შედეგადაც ტერიტორიები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა. რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ მსგავს შემთხვევებში, ბავშვებს მშობლებმა ან ნათესავებმა ჩამოაკითხონ, რაც ომის პირობებში დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული.

მშობლების ჩამოსვლამდე ბავშვები რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე რჩებიან. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბავშვების პირველი ჯგუფი დაბრუნდა, ზოგიერთმა მოჰყვა ცემისა და დამცირების შესახებ, რომლებსაც ისინი აღმზრდელების მხრიდან განიცდიდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში გადაიყვანეს ასევე ათასობით უკრაინელი ბავშვი, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ. უკრაინის ხელისუფლება ბავშვების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადაყვანას იძულებით დეპორტაციას უწოდებს.

ამ შეფასებას დაეთანხმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორიც. სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით პატიმრობის ორდერები გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბავშვთა უფლებების რწმუნებულზე, მარია ლვოვა-ბელოვაზე.

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბავშვები იმიტომ გადაჰყავთ, რომ დაბომბვისგან იხსნან. ამასთან, იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როცა ასეთი ბავშვები იშვილეს რუსეთში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებს.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ 467 ბავშვის სიკვდილი დაადასტურა. დაიჭრა 900-ზე მეტი. ეს საბოლოო მონაცემები არ არის. გაეროს თანახმად, 24 თებერვლის შემდეგ, მთლიანობაში, უკრაინის 8 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა - საუბარია მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომლებიც აღრიცხულია, რეალური რიცხვები უფრო მაღალია.