მოსკოვის პროკურატურა მომღერალ ვალერი მელაძის შემოწმებას დაიწყებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო დაფინანსების საქმეზე. ამის შესახებ სააგენტო „ტასსი“ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს თანახმად, შემოწმების ჩატარების ინსტრუქცია რუსეთის გენერალური პროკურატურისგან მიიღეს.
მარტში საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური პროექტის" ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურორს მიმართა მომღერლის შემოწმების თხოვნით. მისი ვარაუდით, მელაძის კონცერტებიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ირიცხებოდეს.
მომღერლის გარშემო სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2 იანვარს სოციალური ქსელებით გავრცელდა ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც მელაძე მისდამი მიმართვას: Слава Україні! უპასუხებს: Героям слава! რუსული მედიის ინფორმაციით, ვიდეო, სავარაუდოდ, დუბაიშია გადაღებული.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ვალერი მელაძის საქციელს უწოდებს "პირუტყვობას", "სიმახინჯეს" და "ღალატს" და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს.
ბათუმში დაბადებული პოპმუსიკოსი ვალერი მელაძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, არ აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერთა შორის, რის გამოც კრემლისთვის არასასურველთა "შავ სიაში" შეიყვანეს.
ასევე ნახეთ
ვალერი მელაძემ რუსეთში გამოწვეულ აღშფოთებას უპასუხარუსეთის პარლამენტში მოითხოვეს ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა