თიკო რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელს იცვამს, ხანდახან - რამდენიმე ფენას, სიგამხდრეს მალავს. როცა სახლიდან გასვლა საღამოს უწევს, მზადებას დილიდანვე იწყებს. თუ იმატებს წონაში - ნერვიულობს, თუ იკლებს - ნერვიულობს. ექვსი-შვიდი წლიდან მოყოლებული, “გამარჯობის” შემდეგ პირდაპირ სიგამხდრეზე უწყებდნენ ლაპარაკს. სახლში კი მის წონასა და სხეულზე ხუმრობდნენ - “პატარა მკერდზე მაბულინგებდა დედაჩემი ბავშვობიდან”, - იხსენებს თიკო. დედა ამას სპეციალურად არ აკეთებდა, მაგრამ მისი ორაზროვანი რეპლიკები გოგოს აბნევდა.
“სულ მეუბნება, რომ სამი-ხუთი კილო უნდა მოვიმატო, ძალიან კარგი იქნება ჩემი ჯანმრთელობისთვის და, ამავდროულად, მეუბნება, რომ ძალიან კარგია, რომ გამხდარი ვარ და თვითონ გამხდარი ქალები მოსწონს. შენხელა რომ ვიყავი, შენზე უფრო გამხდარი ვიყავიო. უნდა, რომ ისე გამოვიყურებოდე და ისე ვიქცეოდე, როგორც თვითონ ენდომებოდა, ჩემი ასაკის რომ იყოს. რაც თავი მახსოვს, სულ იძახის, რომ წონა აქვს მომატებული და ხუმრობით ეს ჩემზე გადმოაქვს”.
როცა თიკომ გამბედაობა მოიკრიბა და დედას პირდაპირ უთხრა, ასე აღარ დამელაპარაკოო, იჩხუბეს.
“დედაჩემის რეაქცია ასეთ დროს არის: "ანუ მე ცუდი დედა ვარ?.. საერთოდ არაფერს აღარ ვიტყვი. აღარაფერზე აღარ ვიხუმრებ". არადა, მართლა საუკეთესო დედა მყავს, ძალიან მიყვარს, უამრავ რამეში დამეხმარა, უბრალოდ ვერ გავაგებინე, რომ ეს კონკრეტული რამ არის ჩემთვის უსიამოვნო და არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დანარჩენიც ცუდია. მოკლედ, კონფლიქტი რომ არ შევქმნა ხოლმე და თავი ცუდად არ ვაგრძნობინო, თავს ვარიდებ. ყველა ჩემი ტოლი ასე იქცევა”.
ყველა ახალგაზრდამ, ვისაც ამ სტატიის მომზადების დროს ვესაუბრე, ანონიმურობა აირჩია. ბოდიშეიმინგი - სხეულის, გარეგნობის გამო შერცხვენა ყველასთვის მტკივნეული თემაა და არ უნდათ უფროსებთან კამათი. შენიშვნები, რომლებსაც მშობლები მზრუნველობად ან გახუმრებად აღიქვამენ, შვილებისთვის ხშირად მთელი ცხოვრების ბრძოლა ხდება.
ნინო ათი წლის იყო, როცა დედამ გადაკვრით უთხრა, გასუქდიო - მანამდე ბავშვი გარეგნობაზე არასდროს დაფიქრებულა.
“აი, ვთქვათ, გავიღვიძე და ვიფიქრე, დღეს ჩემს თავს გადავაბიჯებ და გავბედავ ისეთი ტანისამოსის ჩაცმას, რაც უფრო შესამჩნევს მხდის, ისეთ რამეს მეტყოდა, რაც კიდევ უფრო დამიგდებდა თვითშეფასებას და კიდევ უფრო თავდახრილი გავდიოდი გარეთ. ქუჩაში დავდიოდი და მეგონა, რომ ყველა მე მიყურებდა, და თან რომ სინამდვილეში ვერავინ ვერ მხედავდა. ვხვდები, არაა საჭირო, რომ ვინმეს მოეწონო, თუნდაც დედას, უბრალოდ, მისი შექმნილი ხარ და დედას რომ არ მოსწონხარ, თითქოს სამყარო ინგრევა შიგნით. არ მგონია, რომ უფროსებს უნდათ, რომ ბავშვებს ტკივილი მიაყენონ, მაგრამ ერთი პატარა კომენტარი საკმარისია, რომ შეიქმნას მთელი ცხოვრების დანაკლისი. ჩემთვის [დედის გადაკრული შენიშვნა] დასასრული იყო ბავშვობის”.
“კაცს დაემსგავსე”, “ვაჟკაცი იყავი” - ეს ფრაზები 25 წლის ლევანს მამისგან ბავშვობიდანვე ჩაესმის. მას გრძელი თმა მოსწონს და შეჭრას პატარაობიდანვე ვერ იტანდა.
“ყურის უკან თუ იწევ თმას, საერთოდ თრიგერდებიან [ოჯახში]. აი, გოგოები აკეთებენო მაგასო, ნაზად ნუ შვებიო. ახლაც ცოტა გრძელი თმა მაქვს, მაგრამ უკვე იმდენი ხანია [მაქვს], რომ "რას გავხარო"-თი იფარგლებიან. თუ შევიჭრი, ეს ჩემი სურვილი უნდა იყოს და არა იმიტომ, რომ რაღაც მითხრეს. შეიძლება არც არაფერი შეცვალო და გააგრძელო შენი გრძელი თმით ცხოვრება, მაგრამ მაინც მოქმედებს, რას ამბობენ. სულ თავს რატომ უნდა ვიცავდე? შეკვრა გინდა და აუცილებლად კიკინას დაუძახებენ, რომ უფრო დამამცირებელი იყოს. თუ ოდნავ კარგ სალონში წახვედი, მანდაც უკვე "რა გოგოსავით უვლი თავს, კაცი ხარ, რაში გაინტერესებს გარეგნობა". უნდა იყო კონსერვივით და გქონდეს თმა დაბალზე, მორჩა”.
როცა ლევანმა წონაში ცოტა მოიმატა და მხრებიც გაეზარდა, მამამისს გაუხარდა, შეაქო - “ვაჟკაცური ხარო უფროო”, არადა, თავად ერჩივნა, სწორი ტანი ჰქონოდა. “კომპლიმენტს გეუბნებიან ისეთ რაღაცაზე, რაც შენ არ მოგწონს. ეგ იცი როგორი პონტია? "უი, გამოსწორდი". და გამოსწორდიზე რომ კომპლიმენტს გეუბნებიან, დაჯმაც არის ეგ, ანუ აქამდე ცუდი იყავი”.
მე თუ არ გეტყვი, აბა, ვინ?
რაც ახალგაზრდებისთვის ბოდიშეიმინგია, მათი მშობლებისთვის მზრუნველობის გამოვლინებაა - “მე თუ არ გეტყვი, აბა, ვინ უნდა გითხრას?” თუმცა სხეულთან დაკავშირებული ნებისმიერი არასასიამოვნო შენიშვნვა - ბოდიშეიმინგია, თუნდაც ხუმრობით ნათქვამი და თუნდაც დედ-მამის მიერ.
“თინეიჯერობის ასაკში სხეული ძალიან სწრაფად იცვლება და ერთ დღესაც ადამიანი ისეთი იღვიძებს, როგორიც გუშინ არ იყო. ამ პერიოდთან გამკლავება ხშირად უჭირთ მშობლებსაც. [დედამ] შეიძლება ბავშვს უთხრას, წამოდი, ეპილაცია გავიკეთოთ, და ამ დროს არაცნობიერად სილაღეს აკარგვინებს” - ამბობს ფსიქოთერაპევტი ნუცა გულდედავა და ამატებს, რომ ისეთ კოლექტივისტურ კულტურებში, როგორიც ჩვენ ვართ, ეს ხშირად ხდება.
და რახან მშობლების რეპლიკები ბავშვებზე სიღრმისეულად აისახება, მათ პირველ რიგში საკუთარი და შვილის სურვილების გამიჯვნა უნდა ისწავლონ - რა არის ის, რაც მინდა მე, და რა არის საუკეთესო, ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე?
“დედაჩემი სულ შენიშვნებს მაძლევდა. პუტკუნა ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ასეთი ვარ და ვერაფერს ვერ შევცვლი, მაგრამ შევიცვალე”, - ანა მარგიევა ფიტნესინსტრუქტორი და ბოდიბილდერია. 16 წლის შვილთან ახლა თავად აქვს ხოლმე უთანხმოება, ღელავს, რომ თუ მისი გოგონა “ფორმაში არ ჩადგება”, პრობლემებს ვერ ასცდება.
“არ მინდა, ჩემს შვილს დაუდგეს ისეთი დღე, როცა გაიაზრებს, რომ არ არის ისეთ ფორმაში, რომელიც ყურადღებას იზიდავს და კომპლიმენტს იმსახურებს, და მძიმედ განიცადოს. მე, მაგალითად, ყურადღების მიზიდვა ძალიან მიყვარს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გამოვიყურებოდე კარგად. საზოგადოებამ ის შეიძლება დააკომპლექსოს. ვფიქრობ, რომ ჯანმრთელი ადამიანი არასდროს არ იქნება მსუქანი, მაგრამ მეშინია, რამე არასწორად ვუთხრა. ამიტომ ჯანმრთელობაზე ზოგადად ვლაპარაკობ - არასწორ კვებაზე, ძილზე და ასე შემდეგ. ამით ვცდილობ ინფორმაცია დავულექო, ოდესმე დაამუშავებს”.
ანა ხშირად გრძნობს, რომ როცა ამ თემაზე ლაპარაკს იწყებს, შვილი ღიზიანდება, სიტყვას ბანზე უგდებს, და დედაც ჩუმდება. ელოდება მომენტს, როცა შვილი თვითონ მივა იმავე აზრამდე.
ანა იმასაც ამბობს, რომ მშობლების რეაქცია ხშირად აღიარების სურვილითაა განპირობებული, და როცა შვილები სთხოვენ, შენიშვნები შეწყვიტონ, მშობლების წყენა გასაგებია: “ამ დროს ფიქრობენ - "არ გინდა, არ მისმენ, ესე იგი შენთვის ავტორიტეტი არ ვარ, მე ხომ შენი ყველაზე ახლობელი ადამიანი ვარ?"”
პოზიცია - “მაშინ საერთოდ არაფერს არ გეტყვი” - ბავშვისთვის ულტიმატუმია, რომელიც უსაფრთხოების განცდას აკარგვინებს როგორც ოჯახში, ისე გარეთაც.
ანა ნიკოლაძე სხეულის აქტივისტია. ის ფიტნესინსტრუქტორი დიდწილად იმიტომ გახდა, რომ ბავშვობაში განცდილი ბოდიშეიმინგის “გადამუშავება” დაიწყო.
“ფიტნესინსტრუქტორად მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ ეს არ იყო მეგობრული ადგილი ყველა ზომის ადამიანისთვის. ჩემს ოჯახში მე არასდროს ვითვლებოდი ადამიანად, რომელიც შეიძლება ამ [ფიტნესის] სივრცეში აღმოჩენილიყო. ცეკვაზე მასწავლებელი მუდმივად მამცირებდა სხვების თვალწინ. არადა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და მანდ განცდილი კარგი მოგონებები მხოლოდ ძალიან დიდი ტკივილის ჩამოშორების მერე აღმოვაჩინე.
მაგრამ ამაზე რთული ის იყო, რომ არ მქონდა განცდა, თითქოს ვიღაც იყო ჩემს მხარეს ამ ამბავში, მშობლებთან რომ მივსულიყავი, მეტყოდნენ, უი, ეს რა მომხდარაო, გამომიყვანდნენ იქიდან ან მასწავლებელს მისცემდნენ შენიშვნას. ვგრძნობდი, რომ მარტო ვიყავი ამ უდიდესი უსამართლობის წინაშე. სკოლაში მეორე ცვლაში ვსწავლობდი და სახლში რომ მოვდიოდი შვიდის ნახევარზე, ჭამა უკვე აღარ შეიძლებოდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ. არარეალისტურია ბავშვს უთხრა - არ არის ეს ჯანსაღი და უნდა გახდე, ნაკლები ჭამე, ეს ბუნდოვანია ბავშვისთვის."
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, შვილებისთვის ჭკუის დარიგების ნაცვლად თავიანთი ქცევები შეცვალონ. მაგალითად, პირდაპირ თქმას - “შენ გასუქდი და მოდი დიეტა დავიწყოთ”, აჯობებს, რომ ოჯახში ცხოვრების წესი შეიცვალოს”.
დედას ვეტყოდი…
თიკოს დედასთან დალაპარაკება აღარ უცდია, ახლა გარეგნობასთან დაკავშირებულ ფიქრებს დამოუკიდებლად ებრძვის და ცდილობს, ნაკლები ყურადღება მიაქციოს მშობლის სიტყვებს.
“მე მაქვს კვების პრობლემები და ვიცი, რომ მე უნდა მოვაგვარო. ერთმანეთს ხელს არ უშლის საკუთარი თავის მიღება და საკუთარ თავში რაღაცების შეცვლა”, - ამბობს თიკო. ჰყვება, რომ რამდენიმე წლის წინ უმაკიაჟოდაც კი არ გადიოდა სახლიდან, ახლა შეუძლია. ამისთვის ემოციური შრომა, კარგი ფსიქოლოგი და მეგობრების დახმარება დასჭირდა.
“მენტალური ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური. როგორი დამოკიდებულება გექნება საკუთარი თავის მიმართ, ეს განაპირობებს რამდენად კარგი დღეები გექნება და არა ის, რა ფიზიკური პრობლემები გაქვს. მშობლებს ვეტყოდი, რომ რაღაც მომენტში უნდა გააკეთო არჩევანი, რა არის უფრო მნიშვნელოვანი შენთვის, იხუმრო ამ მომენტში და სამომავლოდ შენს შვილს განუვითარდეს პრობლემები მინიმუმ საკუთარ თვითშეფასებასთან, თუ არ იხუმრო და შენი შვილი თავს გრძნობდეს უკეთესად”.
ლევანი ამბობს, რომ გარეგნობაზე შენიშვნები შვილზე ზრუნვა არ არის - “კი, შეიძლება ზრუნავდე შვილზე, მაგრამ მორალზე იზრუნე და არა გარეგნობაზე. თუ ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა, ტყუილად ნუ ცდილობ, შემცვალო. მიზანი რა არის, რომ უკეთესი შვილი ვიყო? იმით არ ვიქნები უკეთესი, რომ, მაგალითად, ვისწავლო უკეთესად? არ უნდა გინდოდეს შვილის შეცვლა იმისთვის, რომ სხვამ თქვას კარგი შენზე. სხვისი აზრებით არ უნდა იცხოვრო”.
ფსიქოთერაპევტი ნუცა გულდედავა ამბობს, რომ შვილების მიერ მშობლისთვის მტკივნეული განცდების გაზიარება განკურნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. “ვურჩევდი, მშობელს უთხრან, რომ მისი კომენტარები მათ გულისტკივილს იწვევს, რომ დარდობენ, რომ სამაგალითო შვილები არ არიან. შეიძლება მშობელი თავდაცვაში ჩადგეს, მაგრამ ნათქვამი მაინც ილექება და უმეტეს შემთხვევაში მშობელი ხვდება, რომ შვილთანაც არსებობს საზღვრები”.
თუმცა საუბრის დაწყება ხშირად იმდენად საშიშია, რომ ბავშვებს ურჩევნიათ, ბოდიშეიმინგით გამოწვეული ფიქრები წლობით ატარონ.
“ალბათ სწორი იქნებოდა, რომ მეც პირდაპირ მეთქვა - შენ შემიშალე ხელი, ბრძოლა გამიჩინე… რაღაც გაკლია, რაღაცას არ იმსახურებ - მერე ასე იწყებ ფიქრს. ეს გარეგნობის თემა ზუსტად მანდ მიდის, რომ ყველაფერში ნაკლი გაქვს. ძალიან დიდი ხანი უძრავი იყო ეს აზრები, ვერ ვებრძოდი, ჩემი ნაწილი გახდა. არ ვიცი, როგორ უნდა გადაიჭრას ეგ, მგონი მთელი ცხოვრების გზა არის, რომ მიიღო შენი თავი, როგორიც არის. მაგრამ როცა ბავშვობიდან მოგყვება, გბოჭავს ეს ფიქრები, დაბმული ყავხარ და ისე ვერ ცხოვრობ, როგორც უნდა ცხოვრობდე. არადა, დღის ბოლოს რა მნიშვნელობა აქვს გარეგნობას? მთავარია გიყვარდეს ადამიანები და აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს. ეს მეხმარება მაგ ფიქრებთან ბრძოლაში.
დედას ვეტყოდი, რომ შეეშალა, როდესაც დამინახა, როგორც ადამიანი გარედან, და არა ადამიანი შიგნიდან. ათი წლის ბავშვს უთხრა, ასეთი ხარ და ასეთი უნდა იყოო, შენ გასუქდი და კარგი არის გახდომაო, და შემიქმნა ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ამისდა მიუხედავად, ვფიქრობ, რომ უნდა გამომევლო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ, რაც არ უნდა ცუდი მოეტანა ამ სიტუაციას, თვალი ამიხილა შინაგან ბრძოლაზე და ადაპტირებაზე. ვეტყოდი დედას, რომ საკუთარი თავისთვისაც არ უნდა შეეხედა ასე, რადგან ვიცი, რომ თავადაც ჰქონდა პრობლემები. ვეტყოდი, “დაივიწყე, გარედან რა ჩანს, მთავარია, შიგნით რა არის”.