ღარიბაშვილივით ანარქია ქაოსი გგონიათ? ცდებით, მაგრამ მარტო თქვენ არა

ბევრისთვის "ანარქია" და "ქაოსი" სინონიმებია

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 7-8 მარტის აქციის მონაწილეები, მათ შორის დაპატიმრებული ლაზარე გრიგორიადისი, ანარქისტები არიან და ამიტომ “მუდმივი ქაოსის დათესვა” უნდოდათ. მაგრამ ანარქიზმის თვითმიზანი არც მოლოტოვის კოქტეილების სროლაა და, მით უმეტეს, არც ქაოსი.

ანარქისტის იარლიყის მიწებებით, პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს აშავებდნენ კრემლიც და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

ვინ არიან ანარქისტები სინამდვილეში? რა როლი ითამაშეს მათ საქართველოს განვითარებაში და რატომ იყენებენ მათ საფრთხობელად პოლიტიკოსები? გაიგებთ ამ სტატიაში.

რა არის ანარქია?

“ანარქია” ბერძნულად უხელისუფლებობას ნიშნავს. ამიტომაც ხშირად ამ სიტყვას წესების არარსებობასა და ქაოსთან აიგივებენ. მაგრამ ანარქისტებისთვის “ანარქია” არ ნიშნავს ჯუნგლების კანონს, სადაც ყველას შეუძლია, მოგკლათ, ან გაგაუპატიუროთ.

ანარქიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა. მის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება და სახელმწიფო ძალადობაზე დგას. მათი აზრით, ადამიანებს საერთო წესების დაცვა ხელისუფლების გარეშეც შეუძლიათ. არა კანონის და სასჯელის შიშით, არამედ იმიტომ, რომ ასე შეთანხმდნენ. შესაბამისად, ანარქისტებს სურთ, სახელმწიფო სტრუქტურები თვითმმართველობებმა ჩაანაცვლონ.

ანარქიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად ფრანგი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი პიერ-ჟოზეფ პრუდონი ითვლება. მოგვიანებით, ანარქისტებს შორის განსხვავებული მიმდინარეობები გაჩნდა. მაგალითად, ანარქო-ინიდივიდუალისტებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებები ადამიანის ნება და მისი პიროვნული ავტონომიაა. ანარქო-კოლექტივისტებისა და ანარქო-კომუნისტებისთვის კი, პირიქით - მთავარია თანამშრომლობა და უარი კერძო საკუთრებაზე. უმრავლესობა მემარცხენეები არიან, თუმცა არსებობენ ანარქო-კაპიტალისტებიც.

ძალადობას ემხრობიან?

ზოგი კი, ზოგი არა. ნაწილისთვის უფრო ახლოსაა ინდოელი საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის იდეები “არაძალადობრივ წინააღმდეგობაზე”. მაგრამ ყველა ანარქისტი პაციფისტი არაა. ბევრს მიაჩნია, რომ იდეალებისთვის ბრძოლა შეუძლებელია ძალადობის, მათ შორის, პოლიციასთან ან ნეონაცისტებთან დაპირისპირების გარეშე. მაგრამ ძალადობა ანარქისტების ექსკლუზივი არაა. ის შეიძლება მისაღები იყოს (და არის კიდეც) ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევრისთვის.

საქართველოშიც იყვნენ ანარქისტები?

რამდენიც გინდათ. მაგალითად, ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ევროპული ანარქისტული მოძრაობის ლიდერის, პეტრე კროპოტკინის მეგობარი იყო. 1875 წელს ის ევროპაში გაიქცა. იქიდან წერდა წერილებს, ითხოვდა სახელმწიფოებრიობის აღდგენას და აკრიტიკებდა მარქსიზმს. მათ შორის, “კომუნისტური პარტიის მანიფესტსაც”.

აი, იმავე ეპოქაში მცხოვრები გიორგი გოგელია კი კოსმოპოლიტი და გაცილებით რადიკალური იყო. მისთვის მიუღებელი იყო კერძო საკუთრება, ოჯახის ინსტიტუტი და ეკლესია. ის ითვლება ანარქიზმის განშტოების, ანარქოსინდიკალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მისი მიმდევრების აზრით, ხელისუფლებები მშრომელთა გაერთიანებებმა, პროფკავშირებმა უნდა შეცვალონ.

კიდევ იყვნენ: მიხაკო წერეთელი, მიტროფანე ლაღიძე, დათიკო როსტომაშვილი და სხვები.

დღეს რას აკეთებენ?

21-ე საუკუნეში, საბერძნეთში, ნიგერიაში, თურქეთში, გერმანიაში, აშშ-ში და სხვაგან ანარქისტები გამოდიან ქუჩებში არა ხელისუფლებების დასამხობად, არამედ იმისთვის, რომ სისტემა უფრო ჰუმანური გახდეს. ანარქისტული მოძრაობები ხშირად ერთიანდებიან გარემოს, ლგბტ ადამიანების, ქალების, მშრომელების, პატიმრებისა და ცხოველების უფლებების დასაცავად.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ანარქისტული ორგანიზაციაა “მშრომელთა საერთაშორისო ასოციაცია”, რომლის შტაბბინაც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მდებარეობს. მათი გაცხადებული ამოცანააა “მშრომელების მიერ მართული ეკონომიკური გაერთიანებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების შექმნა”, რითაც მთელ მსოფლიოში კაპიტალიზმის გაქრობა სურთ. ორგანიზაციის მტკიცებით, ჰყავს მილიონზე მეტი წევრი, მსოფლიოს 21 ქვეყანაში. მათ შორის, პოლონეთში, სერბეთსა და რუსეთში.

ღარიბაშვილი მარტოა?

ცხადია, არა. ზოგი ფიქრობს, რომ ამ გზით ხელისუფლებები პროტესტს აკნინებენ, ან რეალურ პრობლემას ჩქმალავენ, ან უბრალოდ ამართლებენ ძალის გამოყენებას. ასეა თუ ისე, ცინცხალი მაგალითი: ისრაელში ადამიანები აპროტესტებენ რეფორმას, რომელიც სასამართლოებს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუქვემდებარებს. აქციები პოლიციასთან შეტაკებებში არაერთხელ გადაიზრდა. პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და სხვა მინისტრები უკან არ იხევენ და ქუჩაში გამოსულებს ანარქისტებს ეძახიან.

სამი წლის წინ იგივე გააკეთა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როდესაც ათიათასობით ადამიანი ქუჩებში პოლიციური სისასტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. ქალაქ მინეაპოლისში პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ, ტრამპმა დემონსტრანტებს “რადიკალი მემარცხენე ანარქისტები” უწოდა.

რუსეთში კი 2019 წელს მთელი “ანარქისტული ქსელი” დააპატიმრეს. გამოძიების მტკიცებით, 7 ანარქისტი ახალგაზრდა იარაღის გამოყენებით, ხელისუფლების დამხობას გეგმავდა.