რიკოთის უღელტეხილის გადაკეტვის საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ის პარტია „ლელოს" ადანაშაულებს ცრუ ბრალდებებში და აღნიშნავს, რომ იგი „ფაქტების დამახინჯებით ცდილობს მდგომარეობის დრამატიზებას".
როგორც დეპარტამენტი განმარტავს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან, არსებულ და არა ახალ აშენებულ გზასთან 200 მეტრის სიახლოვეს, მთის ფერდზე განვითარდა ახალი მეწყრული პროცესი.
„ამ პროცესის ნიშნები პირველად გამოვლინდა წელს, თოვლის დნობის შემდეგ. მონიტორინგის შედეგად, ახლად აღმოჩენილი ნაპრალების გაგანიერების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მეწყერი განვითარებული არ არის და გზა თავისუფალია, სპეციალისტების რეკომენდაციით, ნებისმიერი შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. მეწყრული პროცესის შესასწავლად და გზის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დაიწყო აქტიური კვლევითი სამუშაოები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი უარყოფს, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის დაკეტვის გამო შექმნილია საავტომობილო კოლაფსი.
„ტყუილი და ცილისწამებაა ისიც, თითქოს რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის გამო, შექმნილია საავტომობილო კოლაფსი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მარტის 00:00 საათიდან გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან საავტომობილო გზაზე, რომელსაც გააჩნია თავისი გამჭოლი განტვირთვის ღერძები: რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებით - გომი-საჩხერე-შქმერი-ზუდალი-ონი-ამბროლაური, იმერეთის მიმართულებით - გომი-საჩხერე-ჭიათურა-კაცხი-ქვაციხე-თუზი-საზანო-ალისუბანი-რუფოთი-თერჯოლა-ჩქაროსნული მაგისტრალი და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი-ჩქაროსნული მაგისტრალი. 109 კმ-დან 103 კმ-ზე გზა ასფალტირებულია, ხოლო 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამასთან, სატვირთო ავტოტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა 31 მარტის შუადღიდან. ამჟამად, სატვირთო ავტოტრანსპორტი რიკოთის მონაკვეთზე, როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობს დადგენილი რეჟიმით - დღის საათებში, პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, მხოლოდ ერთი მიმართულებით და ე.წ. რევერსულად. ამასთან, მუდმივად წარმოებს დაკვირვება მეწყრულ უბანზე. შესაბამისად, ამ პირობებში რაიმე ეკონომიკურ კოლაფსზე საუბარი არის სრულიად გადაჭარბებული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დეპარტამენტის აღნიშნავს, რომ მეწყრული პროცესი არავითარ კავშირში არ არის რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობასთან და განვითარებულია არსებულ გზასთან.
პარტია „ლელოს" წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ რიკოთის ჩახერგვით ხელისუფლებამ ქვეყანა ეკონომიკური, სატრანსპორტო და უსაფრთხოების კოლაფსის წინაშე დააყენა.
• „მოშლილი და შენელებულია ქვეყნის მასშტაბით ტვირთბრუნვა და სატრანზიტო ხაზები საგრძნობლად აფერხებს ბიზნესს და ეკონომიკურ აქტივობას.
• ქვეყანა პარალიზებულია და გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, 10 საათამდე სჭირდება ლიხს იქით გადასვლა-გადმოსვლას.
• რიკოთი მეწყერსაშიშ ზონად აქციეს. ამით საფრთხეს უქმნიან, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მაგისტრალით მოსარგებლე მოქალაქეებს.
ერთ დიდ საცობად ქცეული ქვეყანა - ეს არის საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი!
ამ კოლაფსის მიზეზად სახელდება 149 კილომეტრზე მიმდინარე აქტიური მეწყრული პროცესები. ჩვენი ინფორმაციით, სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი საქმის კურსში იყვნენ არსებული სირთულეების შესახებ, მაგრამ არ რეაგირებდნენ შესაბამისად და კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდით".
საავტომობილო გზების დეპარტამენტში 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის იქნება შესაძლებელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე მოძრაობის განახლება.
ასევე ნახეთ კვირის ბოლოს გვეცოდინება, როდის გავხსნით - გზების დეპარტამენტი რიკოთის ავტობანზე