იერუსალიმში შეტაკება მოხდა ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის

საილუსტრაციო ფოტო. ისრაელის საპოლიციო ძალების წარმომადგენლები იერუსალიმში

იერუსალიმში, ალ-აქსის მეჩეთში შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის საპოლიციო ძალებს შორის. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პალესტინელმა ახალგაზრდებმა სამართალდამცავებს პეტარდები და ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მასობრივ არეულობას წინ უძღოდა ისრაელის პოლიციის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მეჩეთიდან ახალგაზრდების ჯგუფის გაყვანას. პოლიციის თანახმად, ეს პირები შეიარაღებული იყვნენ პიროტექნიკით, ჯოხებით და ქვებით და მას შემდეგ, რაც მეჩეთის დასატოვებლად დიალოგმა შედეგი არ გამოიღო, პოლიციელები კომპლექსის ტერიტორიაზე შევიდნენ.

იერუსალიმში მომხდარ შეტაკებამდე, პალესტინელთა მოძრაობა „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთ ნაწილზე. პასუხად ისრაელის არმიამ „ჰამასის“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.