პარლამენტმა განათლების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები აირჩია

პარლამენტის სხდომა. 4 აპრილი, 2023 წელი

პარლამენტმა დღეს, 4 აპრილის სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი პაატა კვიჟინაძე აირჩია.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე გივი მიქანაძეს 85 ხმით დაუჭირეს მხარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი, პაატა კვიჟინაძის არჩევას 85 დეპუტატი დაეთანხმა.

პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატები შეუწყდათ. განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრი გახდა, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათ გარდა, უფლებამოსილება შეუწყდა კიდევ სამ დეპუტატს. ესენი არიან:

  • გიორგი ხელაშვილი - დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად;
  • ნინო იობაშვილი - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
  • ვლადიმერ ჩაჩიბაია - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;

დღევანდელ სესიაზე მათი ადგილმონაცვლეებიც აირჩიეს.

ასევე ნახეთ 4 აპრილიდან პარლამენტს ხუთი ახალი დეპუტატი ჰყავს

უკვე ყოფილი დეპუტატებიდან ოთხმა მხარი არ დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, რომელმაც დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში, პირველი მოსმენით ამ ხუთი დეპუტატიდან მხოლოდ გიორგი ამილახვარმა გამოუცხადა მხარდაჭერა.

ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" 5 დეპუტატს პარლამენტის მანდატი შეუწყდა