დარია ტრეპოვას ტერაქტის ბრალდება წაუყენეს და სასამართლოში მიიყვანეს

გამოძიება მოითხოვს, რომ ტრეპოვა დააპატიმრონ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერაქტის მუხლით, ბრალი წაუყენა პეტერბურგის მკვიდრს, დარია ტრეპოვას, 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დაიღუპა „კრემლის პროპაგანდისტად“ წოდებული ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი (მაქსიმ ფომინი).

ასევე ნახეთ “მგრძნობიარე ადამიანია” - რა ვიცით ქალზე, რომელსაც Z-ბლოგერის მკვლელობაში ადანაშაულებენ

გამოძიება მოითხოვს, რომ ტრეპოვა დააპატიმრონ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის ის უკვე მიიყვანეს მოსკოვის ბასმანის სასამართლოში.

ტატარსკის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის დარია ტრეპოვა ორშაბათს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ტრეპოვა მივიდა ტატარსკის “შემოქმედებით საღამოზე” და მას გადასცა თაბაშირის სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამალული.

კრემლმა უკვე უწოდა მომხდარს "ტერაქტი", მის ორგანიზებაში კი ბრალი უკრაინას დასდო. კრემლი მას ასევე უკავშირებს “კორუფციასთან ბრძოლის ფონდს” - ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ.

რუსეთის “ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრეპოვა ნავალნის “აქტიური მხარდამჭერია”. ფონდის ხელმძღვანელი ივან ჟდანოვი კი აცხადებს, რომ ტატარსკი რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოკლა.

ასევე ნახეთ

“მგრძნობიარე ადამიანია” - რა ვიცით ქალზე, რომელსაც Z-ბლოგერის მკვლელობაში ადანაშაულებენ