დღეიდან, 4 აპრილიდან, საქართველოს პარლამენტს ხუთი ახალი დეპუტატი ჰყავს. მმართველი პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ადგილმონაცვლეების დამტკიცებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
- გიორგი ამილახვარი გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა;
- ირაკლი კოვზანაძე - თენგიზ შარმანაშვილმა;
- ვლადიმერ ჩაჩიბაია - ირაკლი კირცხალიამ;
- ნინო იობაშვილი - სალომე ქურასბედიანმა;
- გიორგი ხელაშვილი - მერაბ ქვარაიამ.
ჩაკვეტაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" სიის 65-ე ნომერი იყო, შარმანაშვილი - 66-ე, კირცხალია 70-ე, ქურასბედიანი - 76-ე, ქვარაია კი - 69-ე.
ადგილმონაცვლეების პარლამენტში შესვლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოქმედ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატები შეუწყდათ. ესენი არიან:
- გიორგი ამილახვარი - დაინიშნა განათლების მინისტრად;
- გიორგი ხელაშვილი - დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად;
- ნინო იობაშვილი - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
- ვლადიმერ ჩაჩიბაია - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
- ირაკლი კოვზანაძე - უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე.
მათგან ოთხმა მხარი არ დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, რომელმაც დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში, პირველი მოსმენით ამ ხუთი დეპუტატიდან მხოლოდ გიორგი ამილახვარმა გამოუცხადა მხარდაჭერა.
ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" 5 დეპუტატს პარლამენტის მანდატი შეუწყდარამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელაშვილი, კოვზანაძე, ჩაჩიბაია და იობაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებდნენ. ამ ჩამონათვალში მოხვდა დავით სერგეენკოც, რომლის პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი.
ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტები ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირებდნენ - ეს პირები არ ყოფილან ამ კანონპროექტის მხარდამჭერ 78 დეპუტატს შორის.
ასევე ნახეთ სია - ვინ დაუჭირა მხარი „აგენტების" პროექტს და ვინ შეიკავა თავი „ქართული ოცნებიდან"უფრო ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო. ხალხმრავალი პროტესტის გამო მმართველმა პარტიამ კანონპროექტის საბოლოო მიღებაზე უარი თქვა.