7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ბრალდებული მოინახულა და მედიასთან ისაუბრა, რა გარემოებებში მოუწია აქტივისტს პირველი ჩვენების მიცემა პოლიციაში.
როგორც ლიკა ბითაძე ამბობს, ლაზარე გრიგორიადისის უფლებები "ცალსახად დაირღვა" ადვოკატის ნაწილში, რადგან, მისივე თქმით, დაკავებულს, მოთხოვნის მიუხედავად, უფლებადამცველი არ მიუყვანეს.
"დაკავებისას მას მიაწოდეს ტელეფონი და უთხრეს, დაერეკა ადვოკატთან. როცა კოდი აკრიფა, მომენტალურად გამოსტაცეს ხელიდან ტელეფონი, რადგან კოდის გაგება უნდოდათო და ადვოკატთან არ დაარეკვინეს.
შემდეგ დეპარტამენტში, ზემოთ, არ იცის სახელი და გვარი, დეპარტამენტის ვინმე უფროსი (ჰგავდა უფროსსო) შემოვიდა და მითხრაო, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო. თუ მე ჩვენებას არ მივცემდი და ეს უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენებაო, მაშინ ჩემს მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს, დააკავებდნენო", - ჰყვება ადვოკატი ლაზარე გრიგორიადისის მონათხრობს.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ რატომ არის ლაზარე "იდეალური დამნაშავე"