რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულია სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა. საგამოძიებო კომიტეტმა ეს ცნობა მოსკოვის დროით 12:00 საათისთვის ტელეგრამზე გამოაქვეყნა. მანამდე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ, რომ შსს-მ 26 წლის დარია ტრეპოვა ძებნილად გამოაცხადა.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, პეტერბურგელი დარია ტრეპოვა დაახლოებით ერთი თვის წინ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მისი ქმარი დმიტრი რილოვი ამჟამად ემიგრაციაშია. 2022 წლის თებერვალში, ტრეპოვა და რილოვი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე. დმიტრი რილოვმა გამოცემა SVTV-ს განუცხადა, რომ ის და დარია უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მისმა ცოლმა აფეთქების შესახებ არაფერი იცოდა
2 აპრილს სანქტ-პეტერბურგის კაფე "სტრიტფუდ ბარში" ააფეთქეს უკრაინის წინააღმდეგ ომის და პუტინის იდეოლოგიის აქტიური მხარდამჭერი, სამხედრო კორესპონდენტი და ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი(ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი). კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ კაფე მას ეკუთვნოდა.
ასევე ნახეთ ISW არ გამორიცხავს, რომ რუსი სამხედრო ბლოგერის მკვლელობით პრიგოჟინი გააფრთხილესრუსული სააგენტოები სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ თვითნაკეთი, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო, ვლადლენ ტატარსკისთვის ახალგაზრდა ქალის მიერ საჩუქრად გადაცემულ სტატუეტში იყო ჩამონტაჟებული.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 3 აპრილს განახლებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაიჭრა 32 ადამიანი, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა".
სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტვიტერზე გამოქვეყნებული კომენტარით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. მისი შეფასებით, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო.