ყოფილი მოსამართლე აკრიტიკებს სასამართლოს ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გამო

მაია კოპალეიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი სასამართლოს აკრიტიკებს ლაზარე გრიგორიადისისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებისთვის და ამბობს, რომ სასამართლომ ამ საკითხის განხილვისას არ გაითვალისწინა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. გრიგორიადისს გამოძიება მარტის აქციების დროს "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას და პოლიციის ავტომობილის დაწვას ედავება. ყოფილი მოსამართლე სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლო 21 წლის აქტივისტისთვის აღკვეთის ყველაზე მკაცრი ფორმის, პატიმრობის გამოყენებით იქცა მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ.

"განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. მოსამართლე ვალდებულია საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში.

სასამართლოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემქმნელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გამოწვეული სამართლიანი პროტესტის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა, მიუთითებს სასამართლო მართლმსაჯულების მიკერძოებაზე, უხარისხო სასამართლოს აქტზე, რამაც ლაზარეს შემთხვევაში გამოიწვია უსამართლო სასამართლო, დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო გლობალურ ასპექტში, სასამართლო დასცილდა თავისი მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას, რომლებმაც და, მათ შორის, ლაზარემ, ხელისუფლებას მოსთხოვეს ქვეყნის განვითარების ევროინტეგრაციის კურსის დაცვა და ამ მიზნით მიმართეს მშვიდობიან პროტესტს", - ეს მოსაზრება ყოფილმა მოსამართლემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

ასევე ნახეთ რატომ არის ლაზარე "იდეალური დამნაშავე"

მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10 წლის განმავლობაში, 2009-2019 წლებში იყო. დღეს ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია. ყოფილი მოსამართლე ერთ-ერთია იმ პროფესორებს შორის, რომლებმაც "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად ხელისუფლებას წერილით მიმართეს და სთხოვეს, დაეცვათ საქართველოს კონსტიტუცია და უარი ეთქვათ "რუსული კანონზე."

ასევე ნახეთ ნინო ლომჯარია: ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია

ლაზარე გრიგორიადისს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.