საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ პარასკევს დაამტკიცა პაკეტი უკრაინისთვის დახმარების სახით, ოთხწლიანი ტრანშის, 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს ტრანში 115 მილიარდი დოლარის მოცულობის უფრო დიდი საერთაშორისო პაკეტის ნაწილია. გამოყოფილმა თანხამ უნდა დააკმაყოფილოს გადაუდებელი საჭიროებები უკრაინისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტია იცავს თავს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ფონდის გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის კიევისთვის 2.7 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ გადარიცხვას.
უკრაინისთვის გაწეული აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გადაუდებელი დახმარების პირველი შემთხვევაა.
"რუსეთის შეჭრა უკრაინაში დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ეკონომიკასა და საზოგადოებაზე", - თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიტა გოპინატმა. ამის მიუხედავად, უკრაინის მთავრობამ შეძლო მაკროეკონომიკური და ზოგადად ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება გამჭრიახი პოლიტიკისა და მნიშვნელოვანი საგარეო დახმარების წყალობით, - დასძინა მან.
ომის დასრულების შემდეგ უკრაინის პროგრესისა და ევროკავშირში გაწევრიანების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური შეთანხმება უკრაინისთვის დახმარების გაწევის შესახებ, ფონდისა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა 21 მარტს მიიღეს.