რატომ არის ლაზარე "იდეალური დამნაშავე"

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო პროცესზე

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება, მოსამართლემ დღეს, 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილებას ლაზარეს მეგობრები სასამართლოს დერეფანში ელოდებოდნენ. პატიმრობის შეფარდებისთანავე ჯერ დარბაზში და შემდეგ სასამართლოს დერეფანში რამდენიმე წუთის განმავლობაში უწყვეტად ისმოდა შეძახილები “მონებო”.

ლაზარეს ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ბრალდების მხარე კი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ლაზარე ადრეც იყო ნასამართლევი, გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლებული და ახლაც არსებობდა საფრთხე, რომ საპატიმროში თუ გაუშვებდნენ, კვლავ ჩაიდენდა დანაშაულს. ლაზარეს ადვოკატები მის ნასამართლეობაზე აქცენტს პროპაგანდისტულ ნარატივად მიიჩნევდნენ და მოსამართლეს ახსენებდნენ, რომ ახალგაზრდა კაცის მიმართ სისხლის სამართლის ის საქმე, რაშიც ბრალი ედებოდა, შეწყდა მომჩივნის არარსებობის გამო.

სასამართლოს ამ სხდომაზე, რომელიც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა, ლაზარე გრიგორიადისმა თქვა, რომ სურს სასამართლოს ხელახლა მისცეს ჩვენება. მას ერთი ჩვენება უკვე მიცემული აქვს, პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე. ამ ჩვენებაში 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი აღიარებს “მოლოტოვის კოქტეილის” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას. ადვოკატი ლიკა ბითაძე ეჭვობს, რომ ეს ჩვენება შესაძლოა ზეწოლის შედეგად იყოს მიცემული. ლაზარესთან შეხვედრის საშუალება მას სასამართლო პროცესამდე არ მისცეს.

ლაზარეს საქმის განხილვას ერთი დღით წინ უსწრებდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება. მმართველი პარტიის ლიდერმა ლაზარეს “გზას აცდენილი კაცი” უწოდა და თქვა, რომ მას “ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული”. პარალელურად, პროსახელისუფლებო მედია ავრცელებდა ფოტოს ლაზარეს აწეული შუა თითით და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი წარსულშიც ნასამართლევი იყო პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და მამაზე ძალადობისთვის. დაკავებულის მამამ “გაშავების კამპანია” უწოდა ამ ცნობებს და თქვა, რომ შვილის გვერდით იქნება.

ასევე ნახეთ ვინ არის ლაზარე გრიგორიადისი - „მოლოტივის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული

ირაკლი კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის ინტერვიუები, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აქციებში მონაწილე ახალგაზრდები აღწერა, როგორც “ექსტრემისტული დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის ფორმიანები“, მათ მიზნად კი “მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება” დაასახელა. “შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე“, - თქვა მან “იმედთან” ინტერვიუში 12 მარტს.

ლაზარე გრიგორიადისს სახეზე ტატუები და პირსინგები აქვს, თმები შეღებილი - მისი მეგობრები და მხარდამჭერები ფიქრობენ რომ გარეგნობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ის პოლიციის “სამიზნე“ გახდა.

“დარწმუნებული ვარ, რომ სამი კვირის განმავლობაში არჩევდნენ ვინ შეიძლება ყოფილიყო განტევების ვაცი… ძალიან ცუდი წარმოდგენა უნდა გქონდეს საზოგადოებაზე, რომ გეგონოს, ტატუების და საყურის გამო ვინმეს დემონიზება შესაძლებელია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კიკონიშვილმა.

[ლაზარეს] ხელისუფლება ეძებდა სამი კვირის განმავლობაში, რომ ის თავისი აზრები, რაც გააჟღერეს, თითქოს “ჯენზი”, ვინც აქციებზე ვიდექით, სატანისტები ვართ, დაემტკიცებინათ, პროპაგანდა გაეკეთებინათ. უნდოდათ ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, აი, როგორი ადამიანები გვებრძვიან ჩვენ. რეალურად ლაზარე არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც იჭერენ არაფრის გამო და მათ პასუხისმგებლობაზე, ვის გამოც ადამიანმა თვალი დაკარგა ამ აქციებზე, ლაპარაკიც არ არის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფიკო შერაზადიშვილმა. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ლაზარეს მხარდასაჭერად იყო მისული სასამართლოში.

“ყველა იაზრებს, რომ აქ მხოლოდ ერთ ადამიანზე არ არის ლაპარაკი. არა მხოლოდ ლაზარე უნდა დავიცვათ, უნდა დავიცვათ ყველა, ვინც ებრძვის ამ საზიზღარ სისტემას და არ უნდა მივცეთ ამ სისტემას საშუალება, კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი შეიწიროს. უნდა შეწყდეს ახალგაზრდების სისტემისთვის შეწირვა”, - გვითხრა მან.

სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაზარეს მხარდამჭერები მალევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ 1 მაისს, როცა მომდევნო სასამართლო სხდომა გაიმართება, ეზოში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა შეიკრიბოს. რამდენიმე საათში კი ორი აქცია დაიგეგმა. 31 მარტს საქართველოს პარლამენტთან, 1 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან.

“არ მგონია, რომ ეს საქმე ხელისუფლებას შერჩეს. იმდენი არ ქნან, რომ ლაზარემ გადაიყოლოს ესენი. აუცილებლად მოუსრიალდებათ ამ საშიშ პროპაგანდაზე ფეხი, ისევე როგორც მოუსრიალდათ ფეხი “უცხოეთის აგენტების” კანონზე. ასე ეგონათ მათ, რომ “ენჯეოებსაც” არავინ დაიცავდა და ვნახეთ, რა მიიღეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კიკონიშვილმა, ლაზარეს მხარდასაჭერად მისულ აქციაზე.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს ეზოში გამოჩნდა ერთადერთი ბანერი, რომელსაც ეწერა “ლაზარე გარეთ, რუსული მთავრობა ციხეში”. ეს ბანერი ალბი კორძაიამ გააკეთა. ლაზარეს სხვა მხარდამჭერების მსგავსად, ისიც დარწმუნებულია, რომ 21 წლის დემონსტრანტი “შემთხვევით” არ არის ერთადერთი დაკავებული “მოლოტოვის” სროლისა და პოლიციის მანქანების დაწვისთვის აქციებიდან სამი კვირის თავზე.

“ლაზარეს არ აქვს ქართული გვარი და მე ვფიქრობ, რომ ამ პრინციპით შეირჩა. ალბათ არ არის ისეთი ოჯახიდან, ასე რომ ვთქვათ, “მაღალი ფენიდან” და ალბათ ამის ბრალიც იყო”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები აქციის მონაწილეების მისამართით, “აბსოლუტური დაცინვაა”.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერების მსგავსად, არც პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ სპეციფიკური გარეგნობის მქონე ახალგაზრდა შემთხვევით აღმოჩნდა დაკავებული.

“ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა”, - ამბობს გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს“ ლიდერი, რომელიც სხვებთან ერთად მივიდა მის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობასთან. “ევროპული საქართველო“ 1 მარტს აქციასაც გეგმავს ლაზარეს თავისუფლების მოთხოვნით.

“ლაზარეს დაკავება მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს…

ყველამ უნდა გადავარჩინოთ ის, ვისაც რუსეთის გამო მსხვერპლად სწირავენ!” - წერია აქციის აღწერაში.

“ამ ბიჭის დაჭერაზე გადის ახლა ბრძოლის ხაზი”, - თვლის პარტია “გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. ის სასამართლო სხდომასაც დაესწრო და საღამოს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციასაც შეუერთდა.

“ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ, რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ.

ასე მარტივად დგას საკითხი. რუსეთი მარტო ის კანონი არ არის.

ამ ბიჭის დაჭერაც რუსეთია…

იმ ნაბიჭვრებისთვის მისი სამაგალითოდ დასჯა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

რომ სხვებმა ვეღარ გაბედონ პროტესტი.

არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.

ამის გააზრება გვჭირდება ყველას”, - დაწერა ფეისბუკზე ზურა ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო სხდომა 1 მაისს დაინიშნა.