სასტუმრო „ამბასადორის" ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია

თბილისი. სასტუმრო „ამბასადორი" ხანძრის შემდეგ.

ხანძრის ლოკალიზების შემდეგ, თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ამბასადორის" ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. როგორც ის აღნიშნავს, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო „ამბასადორი თბილისის" ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.

სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება.

მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია", - ვკითხულობთ „ამბასადორის" ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე ნახეთ სასტუმრო „ამბასადორში" ხანძარი ლოკალიზებულია

შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები.

განახლება

სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება).