შვეიცარიული კინო - არანაირი ნეიტრალიტეტი!

1-10 აპრილს თბილისში შვეიცარიული კულტურის დღეები ეწყობა. ესაა ინტერდისციპლინური ფესტივალი, რომელსაც ასოციაცია „ქართული კულტურის პლატფორმა“ ატარებს და მოიცავს ლიტერატურას, პლასტიკურ ხელოვნებებს, მუსიკას, კინოს. კინოთეატრ „ამირანში“ წარმოდგენილია ბოლო წლების საუკეთესო შვეიცარიული ფილმები, გადაღებული ძირითადად ციურიხის კინოსტუდიაში, სხვაგვარად რომ ვთქვათ - „გერმანულ შვეიცარიაში“. სხვათა შორის, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება, რომლითაც ასე ამაყობს ეს ქვეყანა, კარგა ხნის მანძილზე პრობლემასაც უქმნიდა აქაურ კინემატოგრაფს, როგორც კომერციულ ხელოვნებას. თუმცა შვეიცარიამ გამოსავალს მალე მიაგნო - ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მიიღო კანონი კინოს შესახებ, რომელიც სახელმწიფოს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა კინოწარმოების სფეროში. ეს სისტემა აქ იმდენად კარგადაა აწყობილი („შვეიცარიული საათივით“), რომ ჟან-ლუკ გოდარი, შესაძლებელია, ყველაზე დაუმორჩილებელი რეჟისორი კინოს ისტორიაში, სიცოცხლის ბოლო წლებში სწორედ შვეიცარიაში გადაბარგდა საცხოვრებლად და ამ ქვეყანაში აგრძელებდა ძიებებს კინემატოგრაფიული ენის დასახვეწად.

შვეიცარიულ კინოში შედევრებიც შექმნილა. ალენ ტანერი, კლოდ გორეტა, დანიელ შმიდი (ამ რეჟისორის ფილმების ნახვას განსაკუთრებით გირჩევთ), მუშაობდნენ რა შედარებით თავისუფალ გარემოში და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი პროდიუსერების ჭირვეულობაზე, თამამად მიმართავდნენ ექსპერიმენტებს. მათი ფილმების უმრავლესობა არაა გათვალისწინებული დიდი დარბაზებისთვის, განსაკუთრებული საერთაშორისო წარმატებისთვის, მაგრამ სწორედ შვეიცარიული კინოს კლასიკოსებმა მოუტანეს პოპულარობა ეროვნულ კინემატოგრაფს ქვეყნის შიგნით. ამასობაში ახალი თაობაც მოვიდა. ის თაობა, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმოდგენილია თბილისში გამართულ შვეიცარიული კინოს დღეების პროგრამაში.

ფესტივალი გაგვაცნობს ფაქტობრივად ყველა წარმატებულ რეჟისორს „გერმანული შვეიცარიიდან“, მათ შორის ფილმებს, რომლებიც შვეიცარიის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარა. პროგრამის 12 ფილმიდან მე განსაკუთრებით გირჩევთ 5-ის ნახვას. ეს მშვენიერი თაიგულია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ნეიტრალური შვეიცარია სულაც არ ნიშნავს ნეიტრალურ და გულგრილ კინოს. სწორედაც რომ პირიქით - აქაური კინო კარგა ხანია განთავისუფლდა ჩაკეტილობისგან და მსოფლიო კინოპროცესის ნაწილი გახდა. შესაძლებელია ამიტომაცაა, რომ შვეიცარიულ ფილმებს ხშირად ვხედავთ, მაგალითად, „ოსკარის“ ნომინაციაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

„ცვინგლი“ (2019, რეჟისორი შტეფან ჰაუფტი)

ეს ფილმი დააინტერესებს ყველას, ვისაც ისტორია უყვარს და მეტ-ნაკლები წარმოდგენა აქვს პროტესტანტიზმის დაბადებაზე ევროპაში. ეს ერთი შეხედვით ძველმოდური, ზედმეტად აკადემიური სურათი, არ ვიცი, რამდენად აქტუალურია დღევანდელი შვეიცარიისთვის, მაგრამ ჩვენ რომ უამრავ რამეს გაგვახსენებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ცვინგლის დამსახურება უპირველესად უძრაობაში გაჭედილი ქრისტიანობის გაცოცხლებაა. ის უკან არ იხევს მაშინაც კი, როცა ცხადი ხდება - უდიდესი რეფორმატორის და პოლიტიკოსის იდეებმა შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს.

„ჰაიდი“ (2015, რეჟისორი ალენ გსპონერი)

კინოს ისტორიას შვეიცარიული ლიტერატურის ერთ-ერთი მარგალიტის, იოჰანა სპირის „ჰაიდის“ არაერთი ეკრანიზაცია ახსოვს. ალპებში მცხოვრები ობოლი გოგონას, ჰაიდის ამბავი ძალიან უყვართ ბავშვებს. ალენ გსპონერის ფილმში ყურადღება გადატანილია გოგონას ურთიერთობაზე ბაბუასთან, რომლის როლს გენიალური ბრუნო განცი ასრულებს და, რა თქმა უნდა, ლანდშაფტზე, შვეიცარიის მთებზე, გარემოზე, რომელმაც შეიძლება ითქვას შეიფარა პატარა გოგონა, განსაცდელისგან იხსნა. ჯადოსნური ამბავი გამოხატულია სპეცეფექტების გარეშე, ზედმეტი სენტიმენტალურობის გარეშე, ძალიან ბუნებრივად. მეტიც, ბუნება წარმოადგენს ამ ფილმის მთავარ გმირს, ფილმისა, რომელსაც ბავშვობაში გადავყავართ. პატარა ანუკ შტეფენი, უბრალოდ, პროფესიონალი კინომსახიობია!

„ღვთაებრივი წესრიგი“ (2017, რეჟისორი პეტრა ვოლპე)

ნორა, დედა, ცოლი, დიასახლისი, აქტიური ცხოვრებისგან და, მით უმეტეს, პოლიტიკისგან ყოველთვის შორს რომ იდგა, დაიწყებს ბრძოლას თავისი, როგორც ქალის, ხმის (და სხეულის) დასაცავად. უკვე არაერთხელ გათამაშებული ამბავი აბსოლუტურად თავისუფალია კლიშეებისგან, რომლებიც, რა დასამალია, კარგა ბლომად დაგროვდა „ფემინისტურ კინოში“. აქ ვერ იხილავთ მამაკაცების დემონიზაციას და სწორხაზოვან, პლაკატურ სახეებს. უცნაურია, მაგრამ 1971 წლის შვეიცარიაში ჯერ კიდევ ბევრ ქალს სჯეროდა, რომ „ღვთაებრივი წესრიგი“ იქმნება მაშინ, როცა ქვეყანას მხოლოდ მამაკაცები განაგებენ. ეს სიტუაცია დღევანდელი გადასახედიდან სასაცილოცაა და დრამატულიც. შესაბამისად, პეტრა ვოლპეს ფილმს უყოყმანოდ შეგვიძლია ვუწოდოთ „დრამატული კომედია“. აქაც, ამ შვეიცარიულ ფილმში, ამბოხების სურვილს უმოძრაობა და ერთფეროვნება ბადებს. მაღალმთიანი გარემოს გარღვევა რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

„ვიტუს“ (2005, რეჟისორი ფრედი მიურერი)

ფრედი მიურერი შვეიცარიული კინოს ერთ-ერთი ლიდერია. ყველას ვურჩევ ნახოს მისი პირველი ფილმი „ალპური გაზაფხული“ (1985), რომელიც ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა და „ოსკარზე“ იყო ნომინირებული. მიურერი, შეიძლება ითქვას, აღმერთებს ბავშვობის ხანას, ჩვენი ცხოვრების იმ ეტაპს, როცა არტისტიზმი არ გადაზრდილა ფარისევლობაში, ხოლო უფროსების სისასტიკე ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია როგორც ძალადობა. „ვიტუსის“ მთავარ გმირში ეს ეტაპი სრულდება. მას უნდა, ადამიანებს უყვარდეთ არა იმიტომ, რომ „რაღაცას კარგად აკეთებს“, არამედ უყვარდეთ ისეთი, როგორიც არის. ბავშვებისთვის გადაღებული ეს ზღაპარი ფილმის მსვლელობის პროცესში გადაიქცევა სატირად მომხმარებლური საზოგადოების ნევროზებზე - წარმატების, ფულის, ძალაუფლების მოპოვების დაუოკებელ ვნებაზე. ბავშვი, ვუნდერკინდი, რომელიც მარტოობას განიცდის, ამ ფილმში ცდილობს დაიცვას თავისი ბავშვობა. ფრედი მიურერი მას ეხმარება და, რაც მთავარია, ახერხებს, მაყურებელმაც გამოუცხადოს სოლიდარობა 12 წლის ვიტუსს.

„ნავი სავსეა“ (1981, რეჟისორი მარკუს იმჰოფი)

ამერიკულ „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმი დაჯილდოვდა „ვერცხლის დათვით“ ბერლინის კინოფესტივალზე. ფილმის სათაური ცნობილი შვეიცარიული გამოთქმაა. მას ხშირად იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა შვეიცარია ნაცისტებისგან გამოქცეულ გერმანელებს საზღვრის გადაკვეთის ნებას არ აძლევდა და უკან აბრუნებდა. მეორე მსოფლიო ომი შვეიცარიელებისთვის მოუშუშებელი ჭრილობაა, კოლექტიური დანაშაულის განცდა, რომელსაც არაერთხელ შეხებიან. ფილმს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი ნაცისტური გერმანიიდან შვეიცარიაში გაქცეული დევნილებისა, რომლებიც ცდილობენ ერთ ოჯახად გაასაღონ თავი, იმ იმედით, რომ შვეიცარიის ხელისუფლება მათ უკან არ გააბრუნებს. მარკუს იმჰოფი იმხანად მხოლოდ ერთი წლის იყო. როგორც თავად ამბობს, ამ ისტორიის შესახებ არც ომის შემდეგ, სკოლაში არაფერი უთქვამთ. წლები გადიოდა და საზოგადოებას არ სურდა წარსულის გააზრება. ჩავთვალოთ, რომ „ნავი სავსეა“ ერთგვარი დასაწყისია დისკუსიისა, რომელიც არა მარტო შვეიცარიისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის აქტუალური გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.