მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო და თავიდან მივცე ჩვენება - ლაზარე გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი. 31 მარტი, 2023 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა მიმდინარეობს. მას პროკურატურა ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურებას ედავება.

ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე ვრცელი სიტყვით არ ისარგებლა, მოსამართლეს უთხრა, რომ ადვოკატების პოზიციას იზიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მანვე აღნიშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახალი ჩვენების მიცემა სურს.

"ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.

ადვოკატმა სხდომაზე იშუამდგომლა, რომ მოსამართლემ დაკავებულის მიმართ გამოიყენოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღინისძიება - 10 000-ლარიანი გირაო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაზარე გრიგორიადისს, 7-9 მარტის აქციების მონაწილეს, ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა.

გამოძიების ვერსიით, 2002 წელს დაბადებულმა 21 წლის ახალგაზრდამ, 7-9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას.

ასევე ნახეთ ვინ არის ლაზარე გრიგორიადისი - „მოლოტივის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული