დღეს, 31 მარტს მთავრობამ ცერემონიების სასახლეში ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაცია გამართა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბიურო.
ღარიბაშვილის მტკიცებით, ბიურო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც, ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც: "იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას.
ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები".
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს დებულება რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა.
ასევე ნახეთ შენიშვნები ვენეციის კომისიიდან - დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემა და კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა