მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის საქმეზე დაკავებულზე საუბრისას მას "გზას აცდენილს" უწოდებს და ამბობს, რომ "ბოლშევიკურ ტროიკასთან", ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიასთანაა კავშირში. ამის შესახებ მან დღეს, 30 მარტს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით გამოძიება.
ნუ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, მას ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ და ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ეს ახალგაზრდა კაცი, გზას აცდენილი კაცი არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან – ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიას ერთობასთან, ესეც მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი.
როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ", - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
აქციის მონაწილის დაკავებას გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია. იგი აცხადებს, რომ დაკავებულ ბიჭს პირადად არ იცნობს, არც "დროას" წევრია, "მაგრამ ყველანაირად დავიცავთ".
"ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილოსამებრ მათ გვერდში ვიქნებით. ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო. ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც დავიცავთ მათ!", - წერს ელენე ხოშტარია.
7-9 მარტის აქციების მონაწილე პოლიციამ გუშინ, 29 მარტს დააკავა. მოგვიანებით, რამდენიმე მედიასაშუალებამ დაკავებულის ფოტო და მისი ვინაობა გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციების მონაწილეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა.
გამოძიების ვერსიით, 2002 წელს დაბადებულმა ლ.გ.-მ 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
შსს-ს თანახმად, ლ.გ.-ს, რომელიც წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებულია, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული, ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება.