Wolt-ის კურიერების ნაწილმა აპლიკაციის გათიშვის და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილება მიიღეს 29 მარტს, კურიერთა კონფერენციაზე. კურიერების კომპანიისგან ანაზღაურების ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირებას და wolt-ის ხელმძღვანელობასთან კოლექტიურ შეხვედრას ითხოვენ. უწყვეტი პროტესტის ფარგლებში ისინი "საინფორმაციო კამპანიებს" ატარებენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებთან.
კურიერების ნაწილის პროტესტის გამო აპლიკაცია შეზღუდვებით მუშაობს და პერიოდულად იზღუდება იმ უბნებში შეკვეთების მიღება, სადაც გაფიცული კურიერები გადაადგილდებიან.
რადიო თავისუფლებას კომპანია wolt-ში უთხრეს, რომ გაფიცული კურიერები მათი პარტნიორების დაახლოებით 1%-ს შეადგენს, მოქმედი კურიერების უმეტესობა კი კმაყოფილია იმ სამუშაო პირობებით, რასაც მიტანის სერვისების უზრუნველმყოფი კომპანია მათ სთავაზობს.
დღეს ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გაფიცული კურიერების მხრიდან ადგილი აქვს სხვა, მოქმედ კურიერებზე ზეწოლას, მუქარას და შეურაცხყოფას.
"გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს სხვისი თავისუფლების
შეზღუდვაში. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა. საპროტესტო აქციების შემდეგ, აქციის მონაწილეები იკრიბებოდნენ სავაჭრო ობიექტებთან, ავიწროვებდნენ, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ იმ პარტნიორ კურიერებს, რომლებიც მათ აზრს არ იზიარებდნენ. არსებობს ამ ყველაფრის დამადასტურებელი ვიდეომასალაც.
ასევე, მივიღეთ არაერთი შეტყობინება როგორც პარტნიორი კურიერებისგან, ისე - სავაჭრო ობიექტებისგან. გვატყობინებდნენ, რომ აქციის მონაწილეები გზას უღობავდნენ პარტნიორ კურიერებს, არ აძლევდნენ შეკვეთის აღების საშუალებას, უკეტავდნენ ტრანსპორტს, აყენებდნენ სიტყვიერ, თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას.
პროტესტის ეს ფორმა გარდა იმისა, რომ მიუღებელია, კანონდარღვევაცაა.
როგორც იცით, ამ წუთებშიც, აქციის მონაწილეები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სავაჭრო ობიექტთან და ატარებენ ე.წ. “საინფორმაციო კამპანიას”. ასევე, გეგმავენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის პიკეტირებას, იმ პარტნიორი კურიერების სიების გამოქვეყნებას, ვინც მხარს არ უჭერს, ცრუ შეკვეთების განთავსებას და სხვა მსგავს აგრესიულ და უკანონო ქმედებებს" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. WOLT-ი აღნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილე კურიერებმა ზეწოლად და დაშინების მცდელობად აღიქვეს მათი თხოვნა იმის შესახებ, რომ არ გასცდნენ კანონიერ პროტესტის ფორმას.
WOLT-ი განმარტავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიამ შეცვალა ანაზღაურების წესიც და მანძილების დათვლის სისტემაც, ასევე მზადაა შეხვდეს პროტესტის მონაწილე კურიერებს მცირე ჯგუფებად, კოლექტიურ შეხვედრაზე კი უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ პროტესტში გარე პირებიც მონაწილეობენ და პარტნიორებთან ხელშეკრულებების პირობების განხილვა არამართებულად მიაჩნია.
კურიერები 2 თვეზე მეტია, რაც თბილისში პერიოდულად მართავენ აქციებს.