მედიაკოალიცია: "პალიტრა მედიის" წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაა

ფოტოილუსტრაცია

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლება "პალიტრა მედიის" წინააღმდეგ დისკრედიტაციის კაპანიას ეწევა. კოალიციის განცხადებაში საუბარია, რომ ამ პროცესში ჩართულია პრო-სამთავრობო მედიასაშუალებებიც.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მხრიდან "პალიტრა მედიის" წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო, რომლის მიზანსაც მედიაზე ზეწოლა, საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაცია და თვითცენზურის გარემოს დამკვიდრება წარმოადგენს...

ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე მედიაგარემოს ფონზე, როდესაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე რეგულარულად ხორციელდება ფიზიკური თავდასხმები, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეები, მუქარა, უკანონო მოსმენები, ხელისუფლების ბოიკოტი თუ დეზინფორმაციული კამპანია, მმართველი პარტია ნაცვლად მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვისა, აგრძელებს და აფართოებს თავის აგრესიულ და მადისკდრეტირებელ რიტორიკას და სამიზნედ ახალ მედიას ირჩევს. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოს", - წერია განცხადებაში.

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ 27 მარტს წყაროს დასახელების გარეშე დაწერა, რომ მათი "ექსკლუზიური ინფორმაციით", ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი "პალიტრა მედიას" აფინანსებდა. ამ საკითხზე 28 მარტს კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა.

"მე არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, როგორც ასეთი, არ მაქვს. შეიძლება მქონდეს, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო ორი-სამი თვეა ეს ტელევიზია დაემსაგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას - გახდა ერთგვარი "ფორმულა" 2. ეს არის ჩემი დაკვირვება და დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები და როგორია ხარჯები, რასაც ტელევიზიები გასწევენ ამ ტელევიზიების მესაკუთრეები, ამაში ვერ შევალ. მაგრამ ეს ტელევიზია ბოლო თვეებში თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა "ფორმულა" 2", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ "პალიტრა მედია" სიცრუეს უწოდებს მისი დაფინანსების წყაროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

"პალიტრა მედია", რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და რამდენიმე ონლაინგამოცემას აერთიანებს, სიცრუეს უწოდებს ერთ-ერთი მედიასასუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, მათი დაფინანსების წყაროების შესახებ.

"პალიტრა მედია" ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, "პალიტრა მედია" არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და "პალიტრა მედიის" რაიმე კავშირის შესახებ", - წერია "პალიტრა მედიის" მიერ საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა მაუწყებლის შემოსავალი გამჭვირვალეა. მონაცემები თავმოყრილია სახელმწიფო უწყების - კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე. ბოლო, 2022 წლის მეოთხე კვარტლის დეკლარაციის მიხედვით, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" შემოსავალი იყო: კომერციული რეკლამა - 29 074 ლარი, სპონსორობა - 8 667 ლარი და სხვა არასამაუწყებლო შემოსავალი - 35 019 ლარი. ამ პერიოდში მაუწყებელს ერთი რომელიმე დამკვეთისგან არ ჰქონდა მიღებული 7 ათას ლარზე მეტი.