რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფო

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ეს მოთხოვნა ჟურნალისტებს საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების უფროსმა, გიორგი დუნდუამ გააცნო.

"ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ პარტიებს და ყოველგვარ პოლიტიკურ მოძრაობას. ეს არ არის პოლიტიკური პროტესტი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თხოვნა ხელისუფლების მიმართ რომ შენარჩუნდეს აღნიშნული კლინიკის მუშაობა უწყვეტად...

ვითხოვთ, დავუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას... პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. საკითხის საბოლოო დაზუსტების მიზნით ვითხოვთ შეხვედრას", - თქვა რეანიმაციული განყოფილების უფროსმა.

კლინიკის თანამშრომლების მოთხოვნა დირექტორის, ზაზა ავალიანის გადაყენების შესახებ უცვლელია - მათი თქმით, ის არ გამოხატავს თანამშრომლების პოზიციებს.

საქართველოს მთავრობამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. თანამშრომელბის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ამის შესახებ მათ ტელეეთერებიდან გაიგეს, როცა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა. სწრედ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ დაიწყეს მათ საპროტესტო შეკრებები.

"სამინისტროს პოზიცია ყოველთვის გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავია... ჩვენი მიზანია, გავიგოთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რა დაემართება პერსონალს და ჩვენი მოთხოვნაა, არ შეწყდეს სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა", - ამბობდა კლინიკის ერთ-ერთი ექიმი.

27 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.