პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მიიწვია ჩინეთის მეთაური სი ძინპინი, რომელიც გასულ კვირაში, მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ზელენსკიმ სააგენტო AP-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სი ძინპინთან ლაპარაკი სურს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის ლიდერთან კონტაქტი არ ჰქონია.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ჩინეთისგან ვერანაირი გარანტია ვერ მიიღო და ამ თემიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში პუტინის მიერ იმის გამოცხადება, რომ ბელარუსში განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის მეთაურის ვიზიტი რუსეთისთვის სასარგებლო არ ყოფილა.

ასევე ნახეთ ამხანაგი სი, როგორც რუსეთის "ნაჩალნიკის" უფროსი
ასევე ნახეთ პუტინი: რუსეთი და ჩინეთი არ ქმნიან სამხედრო ალიანსს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური რუსეთში 20-22 მარტს იმყოფებოდა. გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს.

ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, 2023 წლის 24 თებერვალს გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ.