ფლორენციაში მიიწვიეს ამერიკული სკოლა, სადაც მიქელანჯელოს დავითი პორნოგრაფიად ჩათვალეს

ფოტო არქივიდან. 2015 წელს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ ფლორენციის გალერეაში შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი დავითის ქანდაკებასთან გამართეს

იტალიის ქალაქ ფლორენციის მერმა და გალერეამ, სადაც მიქელანჯელოს ცნობილი, დავითის ქანდაკებაა გამოფენილი, მის სანახავად მიიწვიეს ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. ამ სკოლის დირექტორი იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნების ერთ-ერთი შედევრის - მიქელანჯელოს "დავითის" რეპროდუქციის ჩვენება რამდენიმე მშობელმა მიიჩნია შვილებისთვის პორნოგრაფიის ჩვენებად და სკოლის საბჭოში იჩივლა.

ფლორენციის გალერეის დირექტორმა სესილ ჰოლბერგმა განაცხადა, რომ გაოცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ მე-16 საუკუნის მარმარილოს ქანდაკებას, რომელიც რენესანსის ერთ-ერთი სიმბოლოა, პორნოგრაფია უწოდეს. ჰოლბერგმა გალერეაში მიიწვია ამერიკული სკოლის წარმომადგენლები იმაში დასარწმუნებლად, რომ სიშიშვლე პორნოგრაფია არ არის და ბიბლიური დავითის ქანდაკებაში პორნოგრაფიული და აგრესიული არაფერია.

ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ხელოვნების პორნოგრაფიად წარმოჩენა სასაცილოა. მერის განცხადებით, ხელოვნება ცივილიზაციაა და ვინც ამას ბავშვებს ასწავლის, პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ, ამერიკელ პედაგოგს პატივისცემის ნიშნად, ფლორენციაში იწვევს.

როგორც BBC წერს, ფლორიდის ქალაქ ტალაჰასის სკოლის საბჭოს ხელმძღვანელმა ბარნი ბიშოპმა განაცხადა, რომ ადრე დირექტორი მშობლებს წინასწარ უგზავნიდა შეტყობინებას, რომ გაკვეთილზე განიხილავდნენ მიქელანჯელოს ნამუშევრებს, წელს კი, ეს არ მოხდა და შეცდომა იყო.

ბიშოპის თანახმად, მშობლებს აქვთ უფლება იცოდნენ, როდის განიხილავენ მათ შვილებთან სადავო თემებს, ან ორაზროვან გამოსახულებებს. სკოლის საბჭოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ „დავითი“ მოსწავლეებს უნდა აჩვენონ გარკვეული ასაკიდან, რომელსაც დააზუსტებენ.

ფლორიდის შტატში მოქმედებს კანონი, რომელიც სკოლებში მეოთხე კლასამდე კრძალავს სექსუალურ განათლებას და გენდერული იდენტობის საკითხებზე მსჯელობას.