საქართველოს პრეზიდენტი გმობს საქართველოში ქალზე ძალადობას. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, წინ უსწრებდა ქალის - თათია სამხარაძის თხოვნა მის მიმართ, გამოხმაურებოდა მასზე ზეწოლას.
"შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობის და ამის გამართლება. გაუმართლებელს ამართლებენ, თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებსაც, რომელსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია როგორც ადამიანურად, ისე მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება.
ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია", - თქვა პრეზიდენტმა.
მან გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლებაც:
"იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა თავს აწონებს 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდა სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე გამეორებით ძალადობს. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ".
ბოლო რამდენიმე დღეა ჟურნალისტი თათია სამხარაძე ამბობს, რომ მას ტელეკომპანია POS TV-ის თანამშრომლები ავიწროებენ. ეს არის არხი, რომლის ხელმძღვანელია შალვა რამიშვილი - კაცი, რომელსაც სამხარაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა და ორი ინსტანციის სასამართლო მოუგო 2018 წელს.
რამდენიმე დღის წინ, 24 მარტს ამ არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს გატაცებული შესაძლოა ჰყოლოდა. დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.
ტელეკომპანია POS TV ამტკიცებდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა „საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და თათია სამხარაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ: „სამხარაძესა და ჩიქოვანს შორს კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზების სანაცვლოდ დაჰპირდა. ... გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარაძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა“.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლისთვის მზადააგატაცებისა და რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.
"ანერვიულეს ჩემი ოჯახი და ახლობლები. ეს არის უბინძურესი და მიზანმიმართული ჰიბრიდული სპეცოპერაცია ჩემ დასაშინებლად, გასანადგურებლად და გასაჩუმებლად! ყველაფერი რასაც პოსტივი ავრცელებს არის ფალსიფიცირებული ჩემი ფსიქოლოგიური ტერორისთვის… მიუხედავად ამ ორკესტრირებული პროვაკაციისა, მე არ შევწყვეტ მსხვერპლი ქალების დახმარებას და კონსულტირებას სამართლის პოვნის გზაზე!" - წერდა სამხარაძე "ფეისბუკზე".
უფრო ადრე, გასულ კვირაში "ტაბულას" ყოფილმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილი 7-8 წლის წინ, მისდამი განხორცილეებულ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა სხვა ქალების მხრიდან მსგავსი ბრალდებების გაჟღერება. სამხარაძე მათ მხარდაჭერას უცხადებდა.