რუსული ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც ყვარლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მარტის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა, გაუქმდა. ინფორმაცია პროგრამის გაუქმების შესახებ ყვარლის "ევროკლუბის" ხელმძღვანელს ნიკა გურინს, მერიის ა(ა)იპის „კულტურის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა მიაწოდა. მას მიზეზები არ დაუსახელებია.
პროგრამის გაუქმებას წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და პროტესტი.
"ევროკლუბის" ხელმძღვანელს, ნიკა გურინს მიაჩნია, რომ ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს იმ ქვეყნის ენის შესწავლას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული. თითქმის იმავეს ამბობდა ადგილობრივების ნაწილიც.
რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მაია ზარდიაშვილთან დაკავშირებას. დღეს, 27 მარტს მან თქვა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს.
რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ 23 მარტს გაავრცელა.
ყვარლის „კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი ამბობდა, რომ რუსული ენის კურსზე 40 მოსწავლე ჩაირიცხა და მსურველი კიდევ უფრო მეტი იყო.
ასევე ნახეთ რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს ყვარლის ბიუჯეტი აფინანსებს„ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, მათ მოგვმართეს და გვთხოვეს დახმარება. პედაგოგს, რომელსაც ჩვენი სამსახური 200 ლარს უხდის, 40 ბავშვი ჰყავს და აგებინებს იმას, რასაც სკოლაში ვერ იგებენ... უფროსებიც მოდიან, ჩვენც გვინდა სწავლაო, მაგრამ მათ არ ვიღებთ. ჩვენ გვაქვს ინგლისურის, გერმანულის, მათემატიკის კურსები, ასევე ინკლუზიური - ქარგვის და ხატვის კურსები. ეს ბავშვები კაპიკს არ იხდიან არაფერში. ეს არის ჩემი პროექტი... პროექტი როგორ, გამგებელი დამეხმარა, აბა, მე როგორ გავაკეთებდი ისე, თუ რაიონი არ დამეხმარა, ხომ? ერთ პატარა ოთახში სწავლობს 300 ბავშვი საათების მიხედვით“, - უთხრა თავისუფლებას 23 მარტს მაია ზარდიაშვილმა და დაამატა, რომ ცენტრში ინგლისურისა და გერმანულის უფასო კურსებზეც ამდენივე მოსწავლე სწავლობდა.
2020 წელს რუსულის პოპულარიზაციაში დაადანაშაულა ადგილობრივების ნაწილმა ლაგოდეხის მერიაც მას შემდეგ, რაც ქალაქში რუსული ანბანით გაფორმებული საბავშვო ატრაქციონი დაიდგა. მაშინ სამოქალაქო აქტივისტები ითხოვდნენ, რომ ატრაქციონი გადაღებილიყო და რუსულის ნაცვლად, მასზე ქართული ანბანი განთავსებულიყო, თუმცა მერიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა - საბავშვო მოედანზე მოწყობილ ატრაქციონზე კვლავ რუსული ასოებია გამოსახული.