რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაური

დენის კაპუსტინი

რუსეთის შსს-მ ძებნილად გამოაცხადა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაური დენის კაპუსტინი, რომლის ფსევდონიმებია დენის ნიკიტინი და White Rex. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ტერაქტის და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მუხლებით.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური კაპუსტინს ადანაშაულებს ბრიანსკის ოლქის ორ სოფელზე 2023 წლის მარტში განხორციელებული თავდასხმისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიურ მხარდამჭერზე, ტელეკომპანია „ცარიგრადის“ დამფუძნებელ კონსტანტინ მალოფეევზე თავდასხმის მცდელობის ორგანიზებაში. ასევე, 2022 წლის აგვისტოში, ვოლგოგრადის ოლქში, ნავთობის და გაზის კომპლექსის ერთ-ერთი ობიექტის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში.

ასევე ნახეთ „აჯანყდით! იბრძოლეთ!“ - ვინ არის პარტიზანული ჯგუფი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა?

2 მარტს, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში შეაღწიეს უკრაინელმა დივერსანტებმა და 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. იმავე დღეს ჯგუფმა, სახელწოდებით „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“, სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიანსკის ოლქში მან შეაღწია და ებრძვის არა მშვიდობიან მოქალაქეებს, არამედ პუტინის რეჟიმს.

6 მარტს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ აღკვეთა ბიზნესმენ მალოფეევის ავტომანქანის აფეთქების მცდელობა, რომელიც კაპუსტინის მიერ იყო ორგანიზებული. მოსკოვი "რუსეთის მოხალისეთა კორპუსს" უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მართულ ჯგუფად მიიჩნევს, რასაც კიევში უარყოფენ.

15 მარტს, რუსეთმა დენის კაპუსტინი შეიყვანა "ექსტრემისტების და ტერორისტების" სიაში.