ნიკა გვარამიას ადვოკატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის აცილებას ითხოვენ

ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დირექტორის ადვოკატები ითხოვენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას. ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ხელისუფლება ცდილობს სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეების შერჩევას.

"ჩვენთვის აშკარაა, რომ ხელისუფლება მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ცდილობს სასამართლო შემადგენლობის დაკომპლექტებას. ეს ჩვენს უფლებებს არღვევს, ვინაიდან სასამართლოს აქვს 6-თვიანი ვადა, ამ ვადის ნახევარი ისე ამოიწურა, რომ სასამართლოს შემადგენლობაზე ვერ ჩამოყალიბდა კლანი... მოვუწოდებთ სასამართლოს არ დაარღვიონ კანონით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადა", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელშიც მერაბ გაბინაშვილი მონაწილეობდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს შეეხებოდა. უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ: შალვა თადუმაძემ, ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით შეცვალა.

ასევე ნახეთ უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც გასული წლის 9 ივნისს მიიღეს.