პუტინი: რუსეთი და ჩინეთი არ ქმნიან სამხედრო ალიანსს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. კრემლი, მოსკოვი, 21 მარტი, 2023.

რუსეთი და ჩინეთი არ ქმნიან სამხედრო ალიანსს და არაფერს მალავენ სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 მარტს სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ამ კვირის დასაწყისში მოსკოვში გამართულ სამიტზე გამოაცხადეს მეგობრობა და კავშირების გაღრმავების პირობა დადეს.

„ჩვენ არ ვქმნით რაიმე სამხედრო ალიანსს ჩინეთთან“, - ციტირებს პუტინს საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი: „დიახ, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკური ურთიერთქმედების სფეროში“.

ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს პარტნიორობას 2022 წლის დასაწყისში, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ პუტინი ათიათასობით ჯარისკაცს გაგზავნიდა უკრაინაში. პეკინი პუტინის გადაწყვეტილების კრიტიკისგან თავს იკავებს.

ვაშინგტონი შიშობს, რომ პეკინმა, შესაძლოა, რუსეთი შეაიარაღოს, რასაც ჩინეთი უარყოფს.