ილია II-მ უკრაინაში რუსეთს დაქვემდებარებული ეკლესიის ბედზე მსოფლიო პატრიარქს მისწერა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წერილით მიმართა მსოფლიო პატრიარქს და სთხოვა ხელი შეუწყოს უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას.

საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩორის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა.

წერილში ილია II შეახსენებს ბართლომე I -ს, რომ „უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის“.

უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრას ხელმძღვანელობდა, მართლაც გაემიჯნა ომს და 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა "ძმათამკვლელი" ომი, თუმცა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მთავარი მართლმადიდებლური კომპლექსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად გამოცხადდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წერილში წერს:

„პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც.

ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ.

როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის.

ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას.

დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, - ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება.

წერილი წმ. პავლე მოციქულის სიტყვებით მინდა დავასრულო: ,,ისწრაფდით დამარხვად ერთობისა მის სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისაითა”. (ეფ.4.3)

ღმერთმა მშვიდობა მიჰფინოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს“.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტმა ონოფრემ და სხვა სასულიერო პირებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 2023 წლის 29 მარტამდე უნდა დატოვონ.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც რუსეთის ეკლესიის РПЦ-ის ნაწილია და, რომელსაც მეუფე ონოფრე ხელმძღვანელობს, 2022 წელს "სრული დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. გადაწყვეტილება ეკლესიის ვებგვერდზე 2022 წლის 27 მაისს გამოქვეყნდა. მიტროპოლიტი ონოფრე პირადად ვლადიმირ პუტინს ჰყავს დაჯილდოებული 2013 წელს.

XX საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო კიევის საპატრიარქო, 2018 წლის 15 დეკემბრიდან კი დაიწყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) ავტოკეფალიის აღიარების პროცესი, რასაც დღემდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო.

უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, რის გამოც, მასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა როგორც მოსკოვის საპატრიარქომ, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფმა УПЦ-მაც.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არც საქართველოს საპატრიარქო აღიარებს.