"აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა - ბერბოკი 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გერმანია ინტენსიურად აკვირდებოდა გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის ირგვლივ.

"მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, თბილისის ქუჩებში ქართველი კაცები და ქალები აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშებს და ეს ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ევროპული ღირებულებების რწმენა და სტიმული...

"აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს.

მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთობლივად.

ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება, ეს არა სისუსტე, არამედ სიძლიერეა. ამიტომ გაერთიანების არაოფიციალური დევიზია: "ერთობა სიმრავლეში". სამომავლოდ გვინდა საქართველოსთან ერთად ამის განხორციელება, ამიტომ აუცილებელია, დრო აღარ დაკარგოს, ესაა მომენტი ისტორიაში, როცა ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ".

გერმანელმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კონკრეტული გზავნილით ჩამოვიდა -"ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში". ამისათვის მან დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

"თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება, გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ, მათ შორის, ის, რომ ყოველთვის მარტივი არაა ინტეგრაციის გზის გავლა.

აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა. ეს გზა ვერ შემოკლდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, ასევე შემდგომი პროცესის თვალსაზრისითაც. [მინისტრთან] დეტალურად ვისაუბრეთ ამაზე...

გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა აზრები რადიკალურად განსხვავდება, მათ შორის - საზოგადოებაში".

ანალენა ბერბოკმა ასევე თქვა, რომ დასაფასებელია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ:

"შემთხვევითი არაა, როცა გადაადგილდები თბილისის ქუჩებში, ხედავ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ - უკრაინულ დროშებსაც. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მხარდაჭერა რეზოლუციისა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსული თავდასხმითი ომის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ არის ძალიან დასაფასებელი.

ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო. 2008 წლის რუსული ინტერვენცია, ორი რეგიონის აღიარება, რომლებიც რუსული კონტროლის ქვეშაა, ასევე ათიათასობით რუსი, რომლებიც 2022 წლის შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში. ამის მიუხედავად, ხართ უკრაინის მხარეს - ხაზს უსვამს იმას, რა ღირებულებებს ეფუძნება საქართველო და რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში.

გერმანიაში ყველა სფეროში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, ჩვენი ხელი ძალიან შორსაა გამოწვდილი, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარია 12 პრიორიტეტის შესრულება. ქართველებმა, ქალებმა და კაცებმა თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ ესაა მათი სურვილი".

გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შესავალი სიტყვა თქვა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა:

“გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება სამართლიანად და დამსახურების მიხედვით იქნება შეფასებული და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას ვიზეიმებთ ერთად. ვაგრძელებთ ევროკავშირთან დაახლოებას ფართო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სექტორული ინტეგრაციის პროცესის ინსტიტუციური და სამართლიანი დაახლოების გზით”.

ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და იმ დიდი კონტრიბუციისთვის, რასაც გერმანია აკეთებს საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ბერლინში, ტურიზმის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობაზეც და თქვა, რომ ეს იყო გერმანიაში საქართველოს კულტურისა და ტრადიციების, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობა.

“ფედერალურო მინისტრო, გვსურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბრძანდებით საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება და ასევე თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დაეხმარება საქართველოს იმ პროცესში, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია ჰქვია”, - ასე დაასრულა გამოსვლა ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ შეხვდა. თავად ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ დახვედრია - მინისტრის ნაცვლად, ეს მისმა მოადგილემ გააკეთა.

გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში ვიზიტით ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას!