“დერუსიფიკაციის“ ფარგლებში კიევში სახელები შეუცვალეს ლევ ტოლსტოის მოედანსა და იური გაგარინის პროსპექტს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო

კიევის საკრებულოს დეპუტატებმა სახელები გადაარქვეს დედაქალაქის 16 ობიექტს, რომელთა სახელები რუსეთთან ან სსრკ-სთან ასოცირდება, იტყობინება კიევის მერიის პრესსამსახური.

  • ამ ცვლილებების შედეგად, კერძოდ, ლევ ტოლსტოის მოედანს ეწოდა უკრაინელი გმირების მოედანი;
  • ლევ ტოლსტოის ქუჩას - ჰეტმან პაველ სკოროპადსკის ქუჩა;
  • იური გაგარინის გამზირს - ლეონიდ კადენიუკის გამზირი;
  • მარინა ცვეტაევას ქუჩას - ალექსანდრა ექსტერის ქუჩა და სხვა.

"კიევში დერუსიფიკაციის პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, დედაქალაქს სამუდამოდ მოშორდეს საბჭოთა და რუსული სახელები და სიმბოლოები, რომლებიც აგრესორ ქვეყანასთან ასოცირდება. და ჩვენ ამას ვაკეთებთ", - აღნიშნა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
მისივე ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებიდან კიევის საკრებულოს დეპუტატებმა უკვე გადაარქვეს სახელები დედაქალაქის 288 ობიექტს, რომელთა სახელები რუსეთთან ან სსრკ-სთან ასოცირდებოდა.