პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება. მას არ დაუზუსტებია, როდის მიეცემა ამ ნაბიჯს ოფიციალური სახე.
„ეს თანამშრომლობა დასრულდება. მე ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს, ალბათ, ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი", - განაცხადა „TV პირველის" ეთერში ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც უთანხმოება გამოიწვია, იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გააქტიურება. „ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილი ერევა პარტიის საქმიანობაში", - შენიშნა მან. დეკანოიძის თქმით, მერაბიშვილი პარტიაში გამართულ არჩევნებში ერეოდა.
როგორც ხატია დეკანოიძემ თქვა, „ნაციონალური მოძრაობა" ძველი პარადიგმით ვერ იმოქმედებს.
დეპუტატმა განაცხადა, რომ არ გეგმავს სხვა პარტიაში გადასვლას, თუმცა პოლიტიკაში რჩება და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.
„ასეთი გადაწყვეტილება როდესაც ოფიციალურად დადგება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს არის პრინციპისა და ღირსების საკითხი“, - დაამატა მან.
22 მარტს ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი აქვს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატს საჯაროდ ჰქონდა უთანხმოება პარტიის ხელმძღვანელობასთან, ეხებოდა საპარლამენტო ბოიკოტს, რომლის შეწყვეტასაც დეკანოიძე აქტიურად მოითხოვდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა.