"ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის“ ფეისბუკგვერდზე ამჟამად უკვე აღარ იძებნება განცხადება, რომლითაც რუსული ენის უფასოდ შესწავლის მსურველებს იწვევდნენ. თუმცა ჯგუფი შემდგარია და სასწავლო პროცესიც მიმდინარეობს. რუსული ენის სწავლებას კვირაში 2 დღე, დღეში საათ-ნახევარი ეთმობა.
"ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი", საგანმანათლებლო პროგრამის "გაიღრმავე ცოდნა" ფარგლებში მრავალრიცხოვანი მოსახლეობის თხოვნით ამატებს კიდევ ერთ უცხო ენას. ცხადდება რუსული ენის შესწავლის მსურველების რეგისტრაცია 7-16 წლამდე ასაკის პირებისთვის“, - ეს განცხადება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილმა ა(ა)იპიმ ფეისბუკში თებერვალში გამოაქვეყნა. ა(ა)იპის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, რუსული ენის შემსწავლელთათვის კურსი უფასოა.
“ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსული ენის კურსზე 40 მოსწავლე ჩაირიცხა, თუმცა მსურველი მეტია.
„ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, მათ მოგვმართეს და გვთხოვეს დახმარება. პედაგოგს, რომელსაც ჩვენი სამსახური 200 ლარს უხდის, 40 ბავშვი ჰყავს და აგებინებს იმას, რასაც სკოლაში ვერ იგებენ... უფროსებიც მოდიან, ჩვენც გვინდა სწავლაო, მაგრამ მათ არ ვიღებთ. ჩვენ გვაქვს ინგლისურის, გერმანულის, მათემატიკის კურსები, ასევე ინკლუზიური - ქარგვის და ხატვის კურსები. ეს ბავშვები კაპიკს არ იხდიან არაფერში. ეს არის ჩემი პროექტი... პროექტი როგორ, გამგებელი დამეხმარა, აბა, მე როგორ გავაკეთებდი ისე, თუ რაიონი არ დამეხმარა, ხომ? ერთ პატარა ოთახში სწავლობს 300 ბავშვი საათების მიხედვით“, - ამბობს მაია ზარდიაშვილი და ამატებს, რომ ცენტრში ინგლისურისა და გერმანულის უფასო კურსებზეც ამდენივე მოსწავლე სწავლობს.
რუსული ენის კურსის მოსწავლეებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვეს.
"ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის" განცხადების ქვეშ რუსული ენის უფასოდ სწავლების წამოწყება ფეისბუკის მომხმარებლების ნაწილმა გააკრიტიკა:
„ყველა ენას წარმოვიდგენდი და აი ახლა რუსულის დამატება, თანაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობის თხოვნითო... ეს ამბავი ძალიან დიდ უბედურებად მიმაჩნია".
"სერიოზულად? რუსული ენა? და სხვა რა ენებს ასწავლით უკაცრავად? ქართულის კურსები თუ გაქვთ?"
"ქართული ისწავლეთ ჯერ!"
„თუ ვინმეს უნდა რუსულის უკეთესად ათვისება, ნება იბოძოს და კერძო პედაგოგი დაიქირაოს. ჩვენ იმდენი საჭიროება გაქვს, ფინანსები სხვა კუთხით უნდა მიიმართოს..."
ყვარლის "ევროკლუბის" ხელმძღვანელს, ნიკა გურინს მიაჩნია, რომ ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს იმ ქვეყნის ენის შესწავლას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული.
„რას ნიშნავს ჩვენი გადახდილი გადასახადებით რუსული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსება? რას ნიშნავს საზოგადოების მრავალრიცხოვანი მოთხოვნა? მე მაქვს კითხვები, ვის ინტერესებში შედის რუსული ენის და კულტურის პოპულარიზაცია. ამ ამბავს ჩვენ აუცილებლად მოვიკვლევთ. როცა რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ასეთი რამ წარმოუდგენელია!“ - თქვა გურინმა.
კრიტიკის პასუხად "ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის" დირექტორი მაია ზარდიაშვილი ამბობს: „თუ თქვენ მტრების ენად თვლით რუსულს, მტრების ენა უფრო უნდა იცოდნენ ჩვენმა ბავშვებმა... ყველაზე მაგარია, რომ მტრის ენა ვიცოდეთ!“
2020 წელს რუსულის პოპულარიზაციაში დაადანაშაულა ადგილობრივების ნაწილმა ლაგოდეხის მერიაც მას შემდეგ, რაც ქალაქში რუსული ანბანით გაფორმებული საბავშვო ატრაქციონი დაიდგა. მაშინ სამოქალაქო აქტივისტები ითხოვდნენ, რომ ატრაქციონი გადაღებილიყო და რუსულის ნაცვლად, მასზე ქართული ანბანი განთავსებულიყო, თუმცა მერიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა - საბავშვო მოედანზე მოწყობილ ატრაქციონზე კვლავ რუსული ასოებია გამოსახული.
ასევე ნახეთ კახეთში საბავშვო გასართობ კომპლექსზე რუსულ ანბანს ქართული და ლათინური ასოები გადააკრეს