მედვედევი: დიდხანს ვეგუებოდით, რომ რუსეთი და მისი ნაწილი უკრაინა სხვადასხვა ბინაში ცხოვრობენ

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინას რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიასაშუალებებთან დღევანდელ ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ „გეოპოლიტიკური მიზეზებით“ დიდხანს ეგუებოდნენ იმას, რომ რუსეთი და "მისი ნაწილი" უკრაინა „სხვადასხვა ბინაში ცხოვრობენ“. მედვედევმა უკრაინის საზღვრებს „გამოგონილი“ უწოდა და თქვა, რომ ეს ტერიტორია ყოველთვის „რუსეთის იმპერიის“ იყო.

მედვედევმა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი ვერ დაუშვებდა ნატოში უკრაინის შესვლას, „სპეციალური სამხედრო ოპერაციაც“ ამიტომ დაიწყო და დასავლეთი შეცდა, როცა ეგონა, რომ რუსეთი ამას ვერ გააკეთებდა. მედვედევმა ისიც გაიმეორა, რომ დასავლეთს რუსეთის დანაწევრება სურს.

ასევე ნახეთ მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო დარტყმით ემუქრება
  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.