პატრიარქი ბართლომე: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც პასუხისმგებელია ომისთვის

კონსტანტინოპოლის (მსოფლიოს) მართლმადიდებელი პატრიარქი ბართლომე. ვილნიუსი, 2023 წ. 21 მარტი.

კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად იყოფს პასუხისმგებლობას უკრაინაში შესაძლო დანაშაულებისთვის. პატრიარქის აზრით, რუსეთის ხელისუფლება „ეკლესიას იყენებს იარაღად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“. ამასთან, ბართლომემ აღნიშნა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს, მისი თქმით, ომის შემდეგ რუსეთის სულიერ აღორძინებაში.

პატრიარქი ლიეტუვის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე გამოვიდა. მან თქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თანამშრომლობდნენ უკრაინაში სამხედრო შეჭრის განხორციელებაში და, კერძოდ, უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან ძალდატანებით გაყვანაში. სწორედ ამაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ბართლომე გამოვიდა მოწოდებით, რომ რელიგიურმა და საერო ინიციატივებმა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ მოახდინონ „ნეიტრალიზება მოსკოვის საპატრიარქოს უნარისა, ძირი გამოუთხაროს ერთობას და თეოლოგიურად დააკანონოს დანაშაულებრივი ქმედებები“. მაგრამ მას მართლმადიდებელი ეკლესიის მისიად მიაჩნია, „დააბრუნოს რუსი ძმები და დები ჩვენს თანამეგობრობაში, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება“, - იტყობინება „ამერიკის ხმა“.

სამშაბათს ლიეტუვის მთავრობამ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ შესაძლოა გაფართოვდეს მისი საპატრიარქოს ყოფნა ლიეტუვაში, მათ შორის - ეგზარქატის შექმნის ჩათვლით.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავის ქადაგებებში და გამოსვლებში არაერთხელ უთქვამს, რომ „რუსეთი არასოდეს არავის არ დასხმია თავს“, და კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთის ქვეყნებსა და გარკვეულ ანტისაეკლესიო ძალებს სდებდა ბრალს. ის ასევე ამბობდა, რომ რუსეთის სამხედროები უკრაინაში ქვეყანას იცავენ. კირილე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში შედის.