იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ უკრაინაში ვიზიტისას ბუჩა მოინახულა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ ბუჩაში გვირგვინი მიიტანა ეკლესიასთან და წუთიერი დუმილით მიაგო პატივი დაღუპულთა ხსოვნას. ბუჩა, 2023 წ. 21 მარტი.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით, ქალაქი ბუჩა მოინახულა. ბუჩის მერის თქმით, აქ შარშან რუსეთის ჯარებმა 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი დახოცეს. BBC-ის ცნობით, კისიდამ გვირგვინი მიიტანა ეკლესიასთან და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

„მსოფლიო შეძრწუნდა, როცა ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო სამოქალაქო პირები დახოცეს. აქ ჩადენილი ბოროტმოქმედებების გამო ძლიერ რისხვას ვგრძნობ“, - თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

„მინდა იაპონიის სახელით თანაგრძნობა გამოვუხატო ყველა მსხვერპლს და დაზარალებულს. იაპონია მომავალშიც გააგრძელებს დიდ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად“, - დასძინა კისიდამ.

ასევე ნახეთ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა კიევში ჩავიდა

მაისში იაპონია კისიდას მშობლიურ ქალაქში, ჰიროსიმაში, უმასპინძლებს „დიდი შვიდეულის“ სამიტს. ტოკიო მუდამ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას. იაპონია შეუერთდა „დიდი შვიდეულის“ იმ ქვეყნებს, რომლებმაც გააფართოვეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

უკრაინაში კისიდას ამჟამინდელი მოგზაურობა ბოლო მომენტამდე გასაიდუმლოებული იყო უსაფრთხოების მოსაზრებებით. როგორც Reuters-ი შენიშნავს, იაპონიის ლიდერი იშვიათად ახორციელებს გამოუცხადებელ ვიზიტებს უცხო ქვეყნებში.