საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ტელეკომპანია "ფორმულის" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეზე ამბობს, რომ "ვერაფერს" იტყვის, თუმცა ისურვებდა, რომ არცერთი ტელევიზია დაიხუროს.
ახალარჩეულ სახალხო დამცველს ჟურნალისტებმა ჰკითხეს სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დავით კეზერაშვილის სარჩელი.
"მე ვერაფერს გეტყვით კეზერაშვილის საქმეზე. რაც შეეხება ტელევიზიას, ვისურვებდი, რომ არცერთი ტელევიზია ამ ქვეყანაში არ დახურულიყოს. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია", - თქვა ლევან იოსელიანმა.
დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 21 მარტს, გამოაცხადა. კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი - თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაეკისრა 5 060 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) გადახდა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლო განიხილავდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას - სააპელაციო სარჩელებს. მათ 2022 წლის მარტში საქალაქო სასამართლომ დააკისრა სოლიდარულად გადაეხადათ 5 060 000 ევრო. დღეს სააპელაციო სასამართლომ ნინუას სარჩელი დააკმაყოფილა და ამ თანხის სრულად გადახდა დავით კეზერაშვილს დააკისრა.
ტელეკომპანია "ფორმულაში" აცხადებენ, რომ ეს არხი დავით კეზერაშვილის სახელზე საქართველოში არსებული ერთადერთი ქონებაა.
2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს, დავით კეზერაშვილს, უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.
კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.
2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.