თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს დაეკისრა 5 060 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) გადახდა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლო განიხილავდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების - თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას - სააპელაციო სარჩელებს. მათ 2022 წლის მარტში საქალაქო სასამართლომ დააკისრა სოლიდარულად გადაეხადათ 5 060 000 ევრო. დღეს სააპელაციო სასამართლომ ნინუას სარჩელი დააკმაყოფილა და ამ თანხის სრულად გადახდა დავით კეზერაშვილს დააკისრა.
"ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეკომპანიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას შევიწროებად აღიქვამს.
"სასამართლომ არც კი იმსჯელა იმაზე, რომ რეალურად რა ზიანზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი. უბრალოდ, აიღო სისხლისსამართლებრივ ნაწილში გადაწყვეტილება, რომელიც მესამე ინსტანციაში შეცვალა. ის მიიღო ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ბატონმა თადუმაძემ და სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავ რჩება ამ კურსზე და ეს კურსი საქართველოს არ მიიყვანს აი, ამ დიდ ევროპულ ოჯახამდე. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ცხადია, ბოლო ინსტანციაშიც გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას", - ამბობს გუმბარიძე.
ზიანის ასანაზღაურებლად თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას მიმართ. სამინისტროს განმარტებით, ამ განაჩენით დადგინდა, რომ მათი ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ, გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.
"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით", - ეწერა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია "ფორმულაში" აცხადებენ, რომ ეს არხი დავით კეზერაშვილის სახელზე საქართველოში არსებული ერთადერთი ქონებაა.
2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს, დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.
კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.
2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.