ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო

ფოტო არქივიდან. ანექსირებული ყირიმის ქალაქი ჯანკოი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანკოიში მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებულია რუსული ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“, რომლებიც რკინიგზით გადაჰქონდათ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წუხელ გამოქვეყნებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რამდენი რაკეტაა განადგურებული.

დაზვერვის მთავარი სამმართველო მომხდარზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე წერს, რომ „იდუმალი“ დარტყმებით გრძელდება რუსეთის დემილიტარიზაციის პროცესი და ყირიმის დეოკუპაციისთვის მზადება.

ქალაქ ჯანკოიში აფეთქებები 20 მარტს, ღამით მოხდა. მოსკოვის მიერ ჯანკოის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნულმა იგორ ივინმა ადგილობრივ ტელეარხ „კრიმ 24“-ს განუცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმების შედეგად დაიჭრა 1 ადამიანი და დაზიანდა კერძო სახლი, მაღაზია და ელექტროგადამცემი ხაზი. ივინის თანახმად, დრონების ფრაგმენტები ორ ქუჩაზეა ნაპოვნი.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ჩამოგდებული დრონების სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რადგან ახლომდებარე ტერიტორიაზე არცერთი სამხედრო ობიექტი არ არის.

ანექსირებულ ყირიმში, უპილოტო საფრენი აპარატებით, ბოლო თვეებში არაერთი დარტყმა განხორციელდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ დარტყმებთან კავშირს ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.