ისრაელის მინისტრი: პალესტინელი ხალხი „არ არსებობს“

შეტაკება ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის ქალაქ ჯენინში. 26 იანვარი, 2023 წელი

ისრაელის მინისტრმა, რომელიც ოკუპირებული იორდანეს დასავლეთი ნაპირის მართვისთვის არის პასუხისმგებელი, 20 მარტს საფრანგეთში განაცხადა, რომ არ არსებობს პალესტინური ისტორია და კულტურა და პალესტინელი ხალხი, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

ბაცალელ სმოტრიჩის, რომელიც ისრაელის ფინანსთა მინისტრია, ადრინდელ განცხადებასაც მოჰყვა აღშფოთება, როცა მარტის დასაწყისში თქვა, რომ პალესტინელთა ქალაქი „უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა.“

პალესტინელი ხალხის არსებობის შესახებ განცხადება სმოტრიჩმა გააკეთა საფრანგეთში ვიზიტისას, როცა ის კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით. „არსებობს თუ არა პალესტინური ისტორია ან კულტურა? არა“, - ისმის მისი ნათქვამი ჩანაწერში, რომელიც სოციალურ ქსელებით გავრცელდა. „არ არსებობს ასეთი გაგება, როგორიცაა პალესტინელი ხალხი“, - თქვა ისრაელის მინისტრმა, ავრცელებს ცნობას Reuters-ი, რომლის თანახმად, სიტყვით გამოსვლისას სმოტრიჩი იდგა ტრიბუნაზე, რომელიც ისრაელის დროშის განსხვავებული ვერსიით იყო დაფარული. მასზე ისრაელის სახელმწიფო გამოსახული იყო გაფართოებული საზღვრებით და მოიცავდა იორდანეს დასავლეთ ნაპირს, აღმოსავლეთ იერუსალიმს, ღაზას და იორდანიას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე კოალიციაში შემავალი რელიგიურ-ნაციონალისტური პარტიის თავმჯდომარის, სმოტრიჩის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინისტრი სტუმრად იყო კონფერენციაზე და დროშა იქ ორგანიზატორებმა გამოფინეს. სმოტრიჩი სიტყვით გამოვიდა იმ დღეს, როცა ისრაელისა და პალესტინელთა ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში, მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის და ებრაული პასექის წინ დაძაბულობის განმუხტვაზე მოსალაპარაკებლად.

პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა მოჰამად შტაიეჰმა დაგმო სმოტრიჩის სიტყვები და განაცხადა, რომ ის ძალადობისკენ წაქეზებას უთანაბრდება. 2023 წლის დასაწყისიდან იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ვითარება მკვეთრად დაიძაბა და ორივე მხრიდან მოხდა ძალადობრივი აქტები. პალესტინელების მიზანია, შექმნან სახელმწიფო თავიანთ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ღაზის სექტორში, რომელიც ისრაელს აქვს ოკუპირებული 1967 წლის შემდეგ, და აღმოსავლეთ იერუსალიმში.

სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებსაც აშშ შუამავლობდა, 2014 წელს შევიდა ჩიხში. პალესტინელები მიიჩნევენ, რომ ისრაელი ძირს უთხრის მათ იმედს, შექმნან სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებების გაფართოებით, წერს Reuters-ი.