რუსეთში ჰააგის მოსამართლეებისა და პროკურორის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

ვლადიმირ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ახმად ხანის, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ. მათ მანამდე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რწმუნებულის ბავშვთა უფლებების საკითხებში, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცეს.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, პუტინისა და ბელოვას სისხლისსამართლებრივი დევნა „უკანონო ხასიათს ატარებს, ვინაიდან არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი“.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესრელიზის მიხედვით, კარიმ ახმად ხანმა უდანაშაულო პირი წინასწარ, შეგნებულად და უკანონოდ დაადანაშაულა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

საგამოძიებო კომიტეტმა მოსამართლეებს ბრალი წაუყენა "შეგნებულად უკანონო პატიმრობისთვის". კომიტეტი ამტკიცებს, რომ სასამართლო „საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით ემზადებოდა უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმისთვის, რომელიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობს“.

საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მეთაურები „უცხო სახელმწიფოების იურისდიქციისგან აბსოლუტური იმუნიტეტით სარგებლობენ". (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ ცნობს სახელმწიფოს მეთაურების იმუნიტეტს, როდესაც საქმე ომის დანაშაულების გამოძიებას და დევნას ეხება).

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კი განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტის გასამართლების მცდელობას „საშინელი შედეგები“ ექნება საერთაშორისო სამართლისთვის. მედვედევმა დაწერა, რომ რუსეთს საპასუხოდ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვიდან სარაკეტო დარტყმის განხორციელება შეუძლია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალს სდებს სავარაუდო ომის დანაშაულებში - იძულებით დეპორტაციასა და მოსახლეობის, კერძოდ კი, ბავშვების უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადასახლებაში, რაც შესაძლოა, საერთაშორისო სამართლით გენოციდად მიიჩნეოდეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აღნიშნავს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ჩასათვლელად, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი სავარაუდო დანაშაულებზე.

რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და არ მონაწილეობს მის მუშაობაში. მოსკოვი არ არის მხარე რომის სტატუტის, რომელიც 2016 წლიდან სასამართლოს ქმედებებს არეგულირებს.