Credit Suisse შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შეიძინა

Credit Suisse-ის ოფისი

შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS-მა, გაკოტრების პირას მყოფი ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse იყიდა. ბანკის გაკოტრებას მსოფლიო ეკონომიკური სისტემის მდგრადობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა.

გარიგების შესახებ კვირას გამოცხადდა შვეიცარიის ცენტრალური ბანკისა და შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ. ხელისუფლება UBS-ს მხარდაჭერას აღმოუჩენს. Reuters-ის ცნობით, ცენტრალური ბანკი UBS-ს დაახლოებით 100 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 108 მილიარდი დოლარი) გამოუყოფს. „ეს არის საუკეთესო გამოსავალი ფინანსური სისტემისადმი ნდობის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.

ბანკის ცნობით, Credit Suisse-ში 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი გადაიხადეს. Credit Suisse-ის აქციონერები UBS-ის აქციებს შემდეგი სქემით მიიღებენ - UBS-ის ერთი აქცია Credit Suisse-ის 22,48 აქციაზე. რაც შეეხება შეძენის საფასურს, 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს, ეს Credit Suisse-ის აქციების საბაზრო ღირებულებაზე დაბალია, თუმცა ბანკი ხაზს უსვამს, რომ მიღწეული შეთანხმება ერთადერთი შესაძლო ვარიანტი იყო მოცემულ ვითარებაში.

Credit Suisse-ს დიდი ხანია პრობლემები აქვს. გასულ თვეში ბანკმა ყველაზე დიდი წლიური ზარალი განიცადა. არ წყდებოდა კლიენტების გადინება მტკიცების მიუხედავად, რომ ბანკი სტაბილურია. ბანკისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო მსხვილი ამერიკული ბანკების, Silicon Valley Bank-ისა და Signature-ის გაკოტრება.

167-წლიანი ისტორიის მქონე Credit Suisse 30 გლობალური ბანკის სიაშია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მისმა ბედმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს საბანკო სისტემაზე მთელ მსოფლიოში.

Credit Suisse-სთან სასამართლო დავა აქვს მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილსაც.