ზელენსკი პუტინის დაკავების ორდერზე: ეს არის გარდამტეხი მომენტი

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის გაცემას გარდამტეხი მომენტი უწოდა. ამის შესახებ მან 19 მარტის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„გასულმა კვირამ საბოლოოდ მოიტანა მართლაც წონიანი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი უკრაინისთვის, სამართლიანობისთვის. არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი რუსეთის ლიდერის დაპატიმრების შესახებ და ეს არის გარდამტეხი მომენტი. მომენტი, რის შემდეგაც უეჭველი ხდება, რომ რუსეთისთვის ამ აგრესიის დასრულება მისი პასუხისმგებლობის სრული სპექტრით დადგება - პასუხისმგებლობა უკრაინაზე დარტყმისთვის, თითოეული განადგურებული სიცოცხლისთვის, ყოველი დეპორტირებული უკრაინელი ბავშვისთვის... და, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი მსოფლიო დესტაბილიზაციის ყველა გამოვლინებაზე“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მანამდე ზელენსკიმ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა, რომლის შემდეგაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება.

17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის არც სამართლებრივი თვალსაზრისით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 17 მარტს გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.