"ქართული ოცნების" დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც "აგენტების" კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "დროებასთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ საპარლამენტო მანდატის დატოვება სურს, რაც მისი "დაჟინებული თხოვნაა".
ჩაჩიბაია, ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ერთგულ წევრად დარჩება.
"ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით რომ 30 წელი ჯარში ვიყავი. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ. ამავდროულად, მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგულ წევრად.
ჩემი პირადი სურვილია, დავტოვო მანდატი, რადგან საჯარო სამსახურში, ან ნებისმიერ სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში.
ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე, არ მაძლევს იმის უფლებას ალბათ, რომ დავრჩე პარლამენტში, ["აგენტების" კანონპროექტისთვის] ხმის არმიცემას ვგულისხმობ... მანდატს დავტოვებ და ალბათ, გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ, პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ", - ამბობს ჩაჩიბაია და ამატებს, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია უკვე ჰქონდა პარტიასთან და ყველამ იცის მისი პოზიცია, თუმცა "არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას".
გუშინ, 18 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს.
გავრცელებული კადრების მიხედვით, ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ დეპუტატები: დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მათ "აგენტების" კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა უახლოეს პერიოდში დატოვოს და ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრებიც, თუმცა არა ყველა, მათ შორის განათლების მინისტრი. სხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის "TV პირველი" წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ განიხილება თანამდებობა დაატოვებინონ მიხეილ ჩხენკელს - მისი გადაყენება ე.წ. აგენტების კანონს შეიძლება უკავშირდებოდეს.
ასევე ნახეთ ვოლსკის თქმით, ბორჯომში "ოცნების" შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზეც ისაუბრესრამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდა, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.
დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამაც" და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ორი დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით საკითხის განხილვა ადრე დაიწყო.
კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. ორი დღის შემდეგ, როცა პროტესტი არ წყდებოდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი უკან გაითხოვა. დოკუმენტის მიღება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ამ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.