ვოლსკის თქმით, ბორჯომში "ოცნების" შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზეც ისაუბრეს

გია ვოლსკი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, რა თემები განიხილეს გუშინ, 18 მარტს ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, რასაც დეპუტატებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ბევრ სხვა თემასთან ერთად, მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი.

"ყველაფერზე იყო საუბარი, ნებისმიერ მიმდინარე პროცესზე. პოლიტიკური პროცესების გარდა, მთელი რიგი საკითხებია, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია: სოციალური საკითხები, მთის კანონზე ვილაპარაკეთ, ცალკეულ პიროვნებებზე ვილაპარაკეთ, რასაკვირველია, იმ თემაზეც იყო საუბარი, მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი...", - თქვა ვოლსკიმ.

მოგვიანებით, ჟურნალისტმა მას დაზუსტება სთხოვა, თუ რომელი მინისტრი იგულისხმა, რაზეც დეპუტატმა ასე უპასუხა:

"განათლების მინისტრზე იყო საუბარი. არაფერს არ ვადასტურებ, სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი არ გააკეთებს განცხადებას. საუბარი იყო თემაზე - არ ნიშნავს რომ ესაა ის ფორმატი, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ. პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას, იგი ამაზე გააკეთებს შესაბამის განცხადებას".

ჟურნალისტების კითხვები ასევე ეხებოდა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მანდატის სავარაუდო დატოვების თემასაც. კერძოდ, ეს ეხება იმ დეპუტატებს, ვინც მონაწილეობა არ მიიღო ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში. ამ დეპუტატების ნაწილი, მათ შორის დავით სერგეენკო ბორჯომში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა.

"ადამიანები თავისუფლები არიან და თავისუფლებისთვის არავინ ისჯება, განსხვავებით იმ პერიოდიდან, როცა ის პარტია [ნაციონალური მოძრაობა] განაგებდა. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, მაგრამ უნდა იცოდეს, თუკი საქართველოს ხელისუფლება რაიმე ნაბიჯს დგამს, ეს არავის ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება, მითუმეტეს, რუსეთის ინტერესების...

მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო პარტიას არ დატოვებს. დარწმუნებული ვარ, რომ სერგეენკო რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტთან მიმართებით, ეს მასზეა დამოკიდებული", - თქვა ვოლსკიმ.

გუშინ, 18 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს. პარტიის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ "საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს".

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

გავრცელებული კადრების მიხედვით, ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ დეპუტატები: დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა უახლოეს პერიოდში დატოვოს და ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრებიც, თუმცა არა ყველა, მათ შორის განათლების მინისტრი. სხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის "TV პირველი" წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ განიხილება თანამდებობა დაატოვებინონ მიხეილ ჩხენკელს - მისი გადაყენება ე.წ. აგენტების კანონს შეიძლება უკავშირდებოდეს.

რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდა, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.

დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამაც" და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ორი დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით საკითხის განხილვა ადრე დაიწყო.

კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. ორი დღის შემდეგ, როცა პროტესტი არ წყდებოდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი უკან გაითხოვა. დოკუმენტის მიღება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ამ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.